შსს სექსუალურ მოძალადეთა ელექტრონულ ბაზას ქმნის

2019-02-12 18:29:51
79

არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულზე კანონი მკაცრდება - განცხადება შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების ადამიანის უფლებათ დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ გააკეთა.

ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ 2018 წელს სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტის ჩადენის გამო 116 პირი გამოავლინეს. მათგან 86 ადამიანი ამხილეს 16 წლამდე ასაკის მოზარდებთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში.

შსს-ში ასევე აღნიშავენ, წინა წლებთან შედარებით, 2018-ში მნიშვნელოვნად გაზრდილია ამ ტიპის დანაშაულებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც ლონდა თოლორაიას შეფასებით, ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებს გულისხმობს, ასევე ითვალისწინებს მათთვის მთელი რიგი უფლებების, მათ შორის, საგანმანათებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობის უფლების ჩამორთმევას.

შსს-ში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ელექტრონული ბაზა შეიქმნება.

კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას დააკისრებს სექსუალური დანაშაულის ჩამდენ პირთა მონიტორინგს.

შსს-ში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. ლონდა თოლორაიას განცხადებით, კოორდინატორები იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან, მათ მშობლებთან, გაუწევებ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას და გამოძიების განმავლობაში მათი მხარდაჭერები იქნებიან.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტში კი იმუშავებს სპეციალურ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამ კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს.

შსს-ს კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე გაუგზავნა და მას მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.