"21 მოზარდი ფაქტობრივად დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება"

2019-02-12 18:19:25
201

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ახალგორში 21 მოზარდი ფაქტობრივად, ტყვეობაშია. როგორც ცნობილია, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გადმოსასვლელები "ღორის გრიპის" საშიშროების მოტივით დაახლოებით, 1 თვის წინ ჩაკეტა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩარჩა 21 მოსწავლე, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სწავლობენ და არდადეგების დროს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ნათესავებთან იმყოფებოდნენ. 

„21 მოზარდი ფაქტობრივად დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. ისინი არდადეგების პერიოდში ჩავიდნენ ახალგორის მუნიციპალიტეტში და გზების ჩაკეტვის შემდეგ იძულებით აღმოჩნდნენ იზოლაციაში. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, ეს ბავშვები ოკუპირებულ დაბაში არიან, ვერც გადაადგილებას ახერხებენ და ვერც სკოლაში სიარულს. სკოლის მოსწავლეების გარდა ანალოგიურ მდგომარეობაშია რამდენიმე სტუდენტიც. მოზარდების პარალელურად პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ახალგორსა თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული პირებიც. ამჟამად 14 პედაგოგი ოკუპირებულ დაბაში შესვლას ვერ ახერხებს, შესაბამისად, გაკვეთილებიც უცდებათ. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი კი ახალგორშია ჩარჩენილი და უკვე 1 თვეა ვერ გამოდის, რომ სამსახურეობრივი მოვალეობა შეასრულოს. კიდევ უფრო მძიმე მდგომერეობაა მედიკამენტებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, არაერთი ქრონიკული პაციენტია, ვისაც წამალი მუდმივად ესაჭიროება. უამრავი დასახელების მედიკამენტი კი ცხინვალის რეგიონში არ არის. შესაბამისად, ეს ადამიანები იძულებულები არიან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დაუკავშირდნენ ახლობლებს, ნაცნობებს და სთხოვონ მედიკამეტები ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს, ტაქსებს გაატანონ. შემდგომ ამ წამლებს ვლადიკავკაზიდან უგზავნიან ოკუპირებულ ცხინვალში დარჩენილებს. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ დროს მოითხოვს და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების ფასებს მნიშვნელოვნად ზრდის",– აცხადებს თინიკაშვილი და დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავს:

"მივმართავ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც ცხინვალში გადაწყვეტილებებს იღებს, ნუ ამყოფებენ მძევლებად ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. გაითვალისწინონ, როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე ეთნიკურად ოსი ეროვნების მოსახლეობის მდგომარეობაც და მოხსნან შეზღუდვები ამ ე.წ. გამშვებ პუნქტზე“.