რა კითხვები დაუსვეს მოზარდებმა ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს

2019-02-12 17:02:55
186

„როდის გადაწყვიტეთ ჯარისკაცები გამხდარიყავით? ძნელია თუ არა ოჯახებიდან და სამშობლოდან შორს ყოფნა? საქართველოსთვის თავს თუ გაწირავდით?...“ - ასეთი და კიდევ ბევრი მსგავსი შეკითხვა დაუსვეს იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა სამხედრო მოსამსახურეებს პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, მოსწავლეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის დაწერილი წერილები მისცეს.

ბავშვებმა ასევე შეძლეს ტელეხიდით ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზებული ბრიგადის ასეულის სამხედროებს გასაუბრებოდნენ. 

ამ ეტაპზე ავღანეთში 2400 წერილი იგზავნება, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საქართველოს მასშტაბით 7 ქალაქის - თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, გურჯაანი, ყვარელი, 50 სკოლიდან შეაგროვა.

„წერილები ჯარისკაცებს" თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროგრამის შესახებ სკოლების ინფორმირებას, IV-V კლასების მოსწავლეთა ჩართულობასა და წერილების შეგროვებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ უზრუნველყოფს. მოსწავლეები წერილებს საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს უგზავნიან და მათგან საპასუხო ბარათებს იღებენ.

როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი ქართველი სამხედროებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.