საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა შემცირდა

2019-02-12 17:00:09
120

ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს ყველაზე მეტი ტვირთი საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით გადაიზიდა. ამ მაჩვენებელმა გასულ წელს 31,1 მლნ ტონა ტვირთი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემთან შედარებით 0,4 მლნ ტონით მეტია.

2018 წელს მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სამოქალაქო ავიაციით ტვირთის გადაზივის შემთხვევაში. ეს დარგი გასულ წელს 25.5 მლნ ტონა ტვირთ მოემსახურა, მაშინ როცა 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 31 მლნ ტონა შეადგინა.

კლებაა რკინიგზის შემთხვევაშიც. საქართველოს რკინიგზით 2018 წელს 10 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 0.7 მლნ ტონით ნაკლებია.

შემცირებულია ტვირთბრუნვა საქართველოს 4–ვე პორტში:ფოთის ნავსადგური გასულ წელს 6.3 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, მაშინ როცა 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 6.7 მლნ ტონა შეადგინა.

3.7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა 2018 წლის განმავლობაში ბათუმის პორტმა, რაც 0.5 მლნ ტონით ნაკლებია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გასულ წელს ტვირთბრუნვის კლება დაფიქსირდა სუფსის და ყულევის საზღვაო ტერმინალებშიც. 2018 წლის განმავლობაში სუფსის ტერმინალი 3.7 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა (2017 წელი - 3.8 მლნ ტონა), ხოლო ყულევის 1.4 მლნ ტონას (2017 წელი - 1.6 მლნ ტონა)