განახევრებული ავიარეისები: "ირანელი ვიზიტორების კლებამ უკვე იქონია გავლენა ტურისტულ შემოსავლებზე"

2019-02-12 11:23:26
721

GALT & TAGGART-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილი განცხადებით, საქართველოში ტურისტული შემოსავლების ზრდას ირანელი ტურისტები განაპირობებენ. ამის შესახებ ბოჭორიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა და დასძინა, რომ მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოში ტურისტული შემოსავლების ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით შემცირებულია. 

„გასული წლის იანვარში, ტურისტულ შემოსავლებში 25%-იანი ზრდა გვქონდა, წელს კი - 6%-ია, თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ტურისტულ ვიზიტებზე გავლენას ახდენს ირანიდან ვიზიტორების შემცირება, რომელშიც 41%-იანი კლება გვაქვს. ირანიდან ვიზიტორების რაოდენობა დასულია დაახლოებით, 2017 წლის დონეზე, როდესაც თვეში 6-8 ათასი ვიზიტორი შემოდიოდა ირანიდან და შარშან ეს რიცხვი 30 ათასზე იყო ასული. ამ ყველაფერს კი, წლის პირველ ნახევარში ზრდის ტემპზე გავლენა ექნება“, - აღნიშნავს ევა ბოჭორიშვილი. 

ცნობისთვის: 2019 წლის იანვარში საქართველოს ირანიდან სულ 8,424 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2018 წელთან შედარებით 41.2%-ით ნაკლებია.

ამასთან, ირანიდან საქართველოში ავიარეისების რაოდენობა იანვარში თითქმის განახევრდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის იანვარში ირანიდან საქართველოს მიმართულებით 38 რეისი შესრულდა, 2018 წლის იანვარში კი 71 რეისი.

სააგენტოს მონაცემებით, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს რეისების რაოდენობა მზარდი იყო. 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ირანიდან 132 რეისი შესრულდა, რაც 11 რეისით მეტია 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერზე. ამ დროისთვის, ირანიდან საქართველოში რეგულარულ ფრენებს ორი ავიაკომპანია ასრულებს.

ამავე თემაზე: 

„თუ ხელისუფლებას სურს, მცირე რაოდენობის უცხოელმა შეძლოს უძრავი ქონების ყიდვა, ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვების დაწესების ნაცვლად, თავიანთ კანონებს უნდა გადახედონ“