«აფხაზეთის ტერიტორიის გავლით ტრანზიტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რესპუბლიკასთან ცალკე შეთანხმება გაფორმდება»

2019-02-11 22:34:57
388

ოხუმის განცხადებით, «რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთის ტერიტორიის გავლით ტრანზიტი ვერ განხორციელდება და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ აფხაზეთის რესპუბლიკასთან ცალკე შეთანხმება გაფორმდება».

ამის შესახებ აფხაზურ გამოცემა «Нужная газета»-სთან ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაურ კოვემ განაცხადა.

«ამ [რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმება საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ] შეთანხმების შესაძლო შედეგებს აფხაზეთის საექსპერტო წრეებში განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთი მისი ხელმომწერი არ არის, დოკუმენტი ორმხრივია - რუსულ-ქართული. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ: განცხადებები იმის შესახებ, რომ ხსენებული შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტი განხორციელდება, სრულიად უსაფუძვლოა. აფხაზეთის ხელისუფლებისადმი ოფიციალური მიმართვის, ამაში აფხაზეთის როლის განსაზღვრის გარეშე, რაც ცალკე შეთანხმებით გამყარდება, აფხაზეთის გავლით ტრანზიტი არ იქნება. რუსეთ-საქართველოს ორმხრივი შეთანხმება არანაირად არ შეეხება ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ ინტერესებს.ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიიღებს» - განაცხადა დაურ კოვემ.

კითხვაზე, «თანახმა იქნება თუ არა აფხაზეთი მსგავსი მიმართვის შემთხვევაში?», მან აღნიშნა, რომ «ეს შეთავაზებულ პირობებზე და იმაზე იქნება დამოკიდებული, რისი მომცემი იქნება ეს აფხაზეთისთვის».

«ზოგადად, ტრანზიტი ნებისმიერი სატრანზიტო ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ბიუჯეტის შევსების შესაძლებლობას იძლევა» - დასძინა კოვემ.