ლონდონი: «მოსკოვი საქართველოსა და უკრაინაზე კონტროლის აღსადგენად ემზადება»

2019-02-11 22:08:31
786

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთი თავის სამხედრო არსენალს ზრდის და სურს, კვლავ აღადგინოს კონტროლი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე. ლონდონი მოუწოდებს ნატო-ს, «მოემზადოს რუსეთის ახალი სარაკეტო სისტემებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად».

«სადღეისოდ მსოფლიოში არსებობს საფრთხე ყველასთვის, ვინც დასავლურ ფასეულობებს იზიარებს, ეს საფრთხეები მომდინარეობს როგორც ტერორისტული ორგანიზაციებისგან, ისე რიგ მსოფლიო დერჟავებს შორის კონკურენციისგან» - განაცხადა ლონდონში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა.

«
სანამ ჩვენ ექსტრემიზმს ვებრძოდით, სახელმწიფოებს შორის კონკურენციამ დაიწყო გაძლიერება. სადღეისოდ რუსეთი აღორძინდება და აღადგენს თავის სამხედრო არსენალს, პარალელურად კი ცდილობს, დააბრუნოს საკუთარ ორბიტაზე დამოუკიდებელი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა», - განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, სადღეისოდ დიდი ბრიტანეთის მოწინააღმდეგეებმა ომის წარმოების ხასიათი შეცვალეს, იყენებენ რა ლონდონის წინააღმდეგ კიბერშეტევებს, საინფორმაციო კამპანიებსა და სხვას.

ამასთან, მინისტრის შეფასებით, ნატო დღეს უფრო გაძლიერდა და მზადაა, «თავი დაიცვას რუსეთის მტრული ქმედებებისაგან».

«ნატო-მ უნდა განავითაროს საკუთარი უნარი, რუსეთის მხრიდან პროვოკაციებზე ეფექტურად რეაგირებდეს. ჩვენ მტკიცედ უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის მიერ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების არშესრულებას და მზად ვიყოთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ საფრთხეს, რომელსაც შეიძლება, ახალი რუსული სარაკეტო სისტემები წარმოადგენდეს. რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები მას ძვირად უნდა დაუჯდეს. არ უნდა დავივიწყოთ ასევე ქვეყნები ნატო-ს ფარგლებს გარეთ, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან რუსეთის მცდელობებს, მათი სუვერენიტეტი შეარყიოს. მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს უკრაინაში და ბალკანებზე. ამ ქვეყნებს უფლება აქვთ, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და თავისუფლები იყვნენ რუსეთის ჩარევისგან», - დასძინა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.