კვლევა – გამოცდების ძლიერი მხარეები და გამოწვევები

2019-02-11 21:06:28
216

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (Naec) მათი დაკვეთით მომზადებული კვლევის ანგარიშს აქვეყნებს. კვლევის ავტორი განათლების მეცნიერებათა დოქტორი ლელა ჩახაიაა.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში გამოცდების სისტემის შესახებ არსებული დადებითი და კრიტიკული მოსაზრებების თავმოყრა და დაინტერესებული მხარეებისთვის სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებზე ინფორმაციის მიწოდება.

დოკუმენტის მომზადებისას ანგარიშის ავტორებმა თვისებრივი კვლევა 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარეს და ის მოიცავდა ფოკუს-ჯგუფებსა და ინტერვიუებს.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ,  საქართველოში სასკოლო გამოსაშვები გამოცდებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემას ბევრი ძლიერი მხარე აქვს. ამასთანავე, გამოვლინდა პრობლემები, რომელთა ნაწილის მოგვარება შესაძლებელია გამოცდების სისტემის ცვლილებით, მაგრამ დანარჩენი პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებლად საჭიროა ზოგადი და უმაღლესი განათლების სხვა სფეროებშიც კომპლექსური ცვლილებების გატარება.

სისტემის ძლიერი მხარეები

სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ძლიერი მხარე არის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართ არსებული ნდობის მაღალი დონე ყველა დაინტერესებული მხარისგან. მიუხედავად იმისა, თუ რას ვფიქრობთ ზოგადად სტანდარტიზებული ტესტირების სისტემაზე, ან კონკრეტული ტესტის შინაარსზე, ეს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. როგორც ზევით ვნახეთ, ობიექტურობა უმნიშვნელოვანეს ფაქტორად აღიქმება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ამ ნდობას და ობიექტურობის აღქმას განაპირობებს ეეგ-ს ორგანიზების მაღალი დონე, კორუფციის შემთხვევების არარსებობა და მეტნაკლებად პროგნოზირებადობა.

• ასევე ძალიან მნიშვნელოვან და ძლიერ მხარეს წარმოადგენს პროცესის სიმარტივე. რასაკვირველია, ერთი მხრივ, უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ უნივერსიტეტში მიღება მხოლოდ ერთი პარამეტრის - სტანდარტიზებული ტესტის შედეგების საფუძველზე ხდება. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს განაპირობებს იმას, რომ პროცესი მარტივია პირველ რიგში უნივერსიტეტებისათვის. მოსწავლეებისათვის სირთულეს წარმოადგენს გამოცდების რაოდენობა და მომზადების სტრესი, მაგრამ პროცედურულად მათთვისაც გამარტივებულია უნივერსიტეტში ჩაბარება.

• უნივერსიტეტში მიღების ადრე არსებულ სისტემასთან შედარებით ეეგ-ის მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს აბიტურიენტების მიერ მრავალი უნივერსიტეტის და ფაკულტეტის არჩევის შესაძლებლობა. ეს ხელს უწყობს ხელმისაწვდომობის გაზრდას და ამასთან ერთად, შედარებით ნაკლებ პოპულარულ უნივერსიტეტებს ეხმარება, შეავსოს კონტიგენტი.

• გამოსაშვები გამოცდების შემთხვევაში უდავოდ ძლიერ მხარეს წარმოადგენს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ შემუშავებული და დანერგილი კატ-ის სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის პრობლემები ტესტებთან დაკავშირებით, ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვანი მონაპოვარია და სასურველია, იგი არ დაიკარგოს, არამედ დაიხვეწოს და გამრავალფეროვნდეს.

მთავარი გამოწვევები

• ხელმისაწვდომობა. უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს გამონაკლისის გარეშე. სკანდინავიის ქვეყნებშიც კი, სადაც უთანასწორობა მსოფლიოში ყველაზე დაბალია და სოციალური დაცვის მექანიზმები მოქმედებს, სოციალურ-ეკონომიკურად პრივილეგირებული ოჯახების შვილებს გაცილებით დიდი ალბათობა აქვთ, უნივერსიტეტში ჩააბარონ და 61 დაამთავრონ. რასაკვირველია, ოჯახის გავლენით გამოწვეული უპირატესობის აღმოფხვრა შეუძლებელია. მაგრამ საჯარო განათლების სისტემის ფუნქცია სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ოჯახის გავლენით აღმოცენებული უთანასწორობა შეამციროს. ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ყველა სკოლა მეტნაკლებად თანაბარ ხარისხიან განათლებას მიაწვდის მოსწავლეებს, რომელიც საკმარისი იქნება უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად. დღეს საქართველოში კი განათლების სისტემა, ფაქტობრივად, ზრდის უკვე არსებულ განსხვავებებს სოციალურ-ეკონომიკური ნიშნით. ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად რეპეტიტორებთან სიარულის, ფაქტობრივად, გარდაუვალი აუცილებლობით. ეს აუცილებლობა ობიექტურია თუ არა, ამის შეფასება ექსპერიმენტული კვლევის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებაში და უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებსა და მათ მშობლებში ეს აღქმა არსებობს.

• სკოლის როლის დაკნინება. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და გამოცდების სისტემასთან ამ პრობლემის დაკავშირება შესაძლოა ბევრს არამართებულად ეჩვენოს. თუმცა ამავე დროს უნდა აღნიშნოს, რომ სწორედ ეეგ-ს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხისა და აკადემიურ კარიერაში მისი გადამწყვეტი მნიშვნელობის გამო სკოლის მიმართ ნდობა მინიმალურია. სკოლის როლი, პირველ რიგში, იზომება იმით, რამდენად შეიძლება ის მოსწავლეებს დაეხმაროს გამოცდების ჩაბარებაში. ხშირ შემთხვევაში სკოლა გამოცდების ჩაბარების პროცესში ხელისშემშლელ ფაქტორადაც კი აღიქმება.

• გამოცდების შედეგების გამოყენება მხოლოდ განმსაზღვრელი მიზნით. ცენტრალიზებული გამოცდების და შეფასებების მომზადებასა და ადმინისტრირებაზე მთლიანად განათლების სექტორისთვის გამოყოფილი არცთუ ისე დიდი სახელმწიფო სახსრებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა იხარჯება. თუმცა გამოცდებისა და შეფასებების შედეგები ეფექტურად არ/ვერ გამოიყენება განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად.

• განსხვავებები უნივერსიტეტის მოლოდინებსა და აბიტურიენტის მომზადების დონეს შორის. ეს პრობლემაც სკოლაში განათლების ზოგად ხარისხთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, გამოცდების სისტემის ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ ეეგ კონკრეტულად უნივერსიტეტში მისაღებად ტარდება. შესაბამისად, უფრო დიდი მოლოდინი უნდა იყოს, რომ იგი უნივერსიტეტში სწავლისათვის მომზადებულ ახალგაზრდებს შეარჩევს (გამოსაშვები გამოცდებისაგან განსხვავებით).

• გამოცდებით გამოწვეული სტრესი. ეს საკუთრივ გამოცდების სისტემის პრობლემაა. სტანდარტიზებული გამოცდების რაოდენობა, რომელსაც მე-11 და მე-12 კლასელები აბარებენ, ამჟამად ძალიან დიდია. ასეთი რაოდენობით გამოცდებს არც ერთ სხვა ქვეყანაში ასეთ მოკლე დროის ინტერვალში არ აბარებენ. გარდა ამისა, არც ერთ ქვეყანაში არ ტარდება ცენტრალიზებულად როგორც სკოლის გამოსაშვები, ასევე უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები. გარდა ამისა, გამოცდების მიერ გამოწვეულ სტრესს ზრდის ის ფაქტორიც, რომ გამოცდების ჩაბარების გრაფიკი მოუქნელია - წელიწადში მხოლოდ ერთხელ ტარდება და გადაბარება შეუძლებელია. 

აქ ჩამოთვლილი პრობლემებიდან მხოლოდ უკანასკნელის გადაჭრა არის შესაძლებელი მხოლოდ გამოცდების სისტემის რეფორმირებით. დანარჩენები კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა დონეზე ცვლილებების გატარებას მოითხოვს. მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ გამოცდების ცენტრალური როლი დღევანდელ სისტემაში - რადგან უფროს კლასებში სწორება თითქმის 100 პროცენტით გამოცდების ჩაბარებაზეა აღებული, ცხადია, რომ გამოცდების რაოდენობა, ტიპი, სტრუქტურა - მნიშნელოვან გავლენას ახდენს სასწავლო პროცესსა და ზოგად განათლებაზე მთლიანად.

მიზნები 

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნაჩქარევი რეფორმის გატარებით მომავალში პოტენციური საფრთხეები, საჭიროა, იმ მიზნების ფორმულირება, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია გამოცდების სისტემის რეფორმირებისას და ასევე ნებისმიერი ზომის ან ცვლილების გატარების დროს კონკრეტულ მიზანთან კავშირის დანახვა. ზემოთ დასახელებული პრობლემების შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ გამოცდების სისტემის რეფორმირების პროცესში ნებისმიერი ღონისძიება თუ ცვლილება ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნების ჭრილში შემუშავდეს და დაიგეგმოს:

• უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. განათლების სისტემამ, გამოცდების სისტემის ჩათვლით, მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს, რომ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად საკმარისი იყოს საჯარო სკოლაში მიღებული ცოდნა, კომპეტენციები და უნარები.

• სკოლების გაძლიერება.

• უნივერსიტეტების მოთხოვნის შესაბამისი კომპეტენციებისა და სხვა გამჭოლი კომპეტენციების განვითარება.

• სტუდენტების მიღების პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის ეტაპობრივი გაზრდა. გარდა ამ მიზნებისა, ნებისმიერი ცვლილების გატარების პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნას განათლების პოლიტიკის საკითხები, რომლებიც უშუალო კავშირშია ზოგადი განათლების დასრულებასთან და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებასთან:

• საბაზო განათლების ხანგრძლივობა. ამჟამად საბაზო სავალდებულო განათლება 9 წლიანია. უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბარი სავალდებულო განათლების ხანგრძლივობის გაზრდაზე 10 წლამდე. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას და იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა მოსწავლე ათ კლასს დაამთავრებს, ექნება საბაზო უნარ-ჩვევები და ასევე საბაზო ცოდნა ყველა სასკოლო საგანში. მეორე მხრივ, თუკი განმსაზღვრელი გამოცდები დაინიშნება საბაზო საფეხურის ბოლოს, გაჩნდება იმის საშიშროება, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ახალგაზრდები აღმოჩნდებიან ფორმალური განათლების მიღმა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდულია პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები.

• პროფესიული განათლების მიღების ალტერნატივა. ნებისმიერ შემთხვევაში იმ მოსწავლეებს, რომლებიც საბაზო საფეხურის გავლის შემდეგ გადაწყვეტენ (გამოცდების შედგად, ან დამოუკიდებლად), რომ აკადემიური მიმართულებით არ გააგრძელონ სწავლა, უნდა ჰქონდეთ პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა სწავლის საფასურის გადახდის გარეშე. ახლა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურდამთავრებულ ახალგაზრდებს პროფესიული განათლების სასწავლებლებში მოსახვედრად და დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურენციაში შესვლა უწევთ ასაკით უფროს, ხშირად უმაღლესი განათლების დიპლომის მქონე ადამიანებთან, განსაკუთრებით პოპულარული მიმართულებებით. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ბევრი მათგანი მთლიანად მოწყდეს ფორმალური განათლების სისტემას. • პროფესიული განათლების დასრულების შემდგომ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პოლიტიკაზე, რომლის მიხედვითაც პროფესიული სასწავლებლების დასრულების შედეგად ახალგაზრდებს ექნებათ ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის მიღების შესაძლებლობა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველას ჰქონდეს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ადრეულ ეტაპზე გაკეთებული არჩევანის მიუხედავად.

• უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხი. ამჟამად უმაღლესი განათლების დაფინანსების უდიდესი წილი სწავლების გადასახადზე მოდის. ამ პირობებში უნივერსიტეტები დაინტერესებულნი არიან, მიიღონ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი. თუ უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემა შეიცვალა და სტუდენტთა რაოდენობის გარდა სხვა კრიტერიუმებს დაეფუძნა, შესაძლებელია ამან გავლენა იქონიოს უნივერსიტეტების ინტერესებზე. გარდა ამისა, თუკი სახელმწიფო სასწავლო გრანტისთვის ერთმანეთს შეეჯიბრებიან კონკრეტულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტები, ეს ხელს შეუწყობს ხელმისაწვდომობის გაზრდას.

კვლევის ანგარიში სრულად იხილეთ აქ.