კადიროვის გავლენები საქართველოში: „არის ინტერესი და არის პოტენციალიც“

2019-02-11 18:32:58
1291

კავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე „ქართული ოცნების“ მიერ „ჩრდილოეთ კავკასიური პოლიტიკის გაუქმებას“ დიდ შეცდომად მიიჩნევს.

კავკასიოლოგმა თავისი „ფეისბუქ“–სტატუსით საზოგადოების ყურადღების გამახვილება რამდენიმე მოვლენაზე სცადა:

  • ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვრების დემარკაცია. როგორც ჩანს, ორივე შემთხვევაში საკითხი ჩეჩნეთის სასარგებლოდ გადაწყდება;
  • კადიროვი [ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერი] ნელნელა, თუმცა სტაბილურად ემსგავსება სტალინს; დაახლოებით იგივე სენტიმენტებს იწვევს ჩეჩნების ნაწილში, რასაც სტალინი - ქართველებში საბჭოთა კავშირისა და მისი დაშლის შემდგომაც;
  • კადიროვის ემისრები პანკისშიც გამოჩნდებიან ხოლმე. როგორც ჩანს, გროზნოში პანკისზეც ფიქრობენ.

„აქცენტთან“ საუბრისას კანაშვილი კადიროვის მმართველობაში რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს გამოჰყოფს:    

  • უშუალოდ ჩეჩნეთში წინააღმდეგობის მოძრაობის ჩახშობა, მეამბოხეების ფიზიკური განადგურება და ძალადობის ბერკეტების სრული მონოპოლიზაცია, ანუ ჩეჩნეთზე კონტროლის დამყარება, რა თქმა უნდა, კრემლის მხარდაჭერით;
  • ისევ ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის გამართვა, მიწასთან გასწორებული გროზნოს თავიდან აშენება;
  • მესამე ეტაპი, რომელიც პირველი ორისგან სრულიად იზოლირებული არ ყოფილა, ძირითადად კადიროვის და მამამისის [ახმედ კადიროვი – ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი] კულტის დანერგვას ეძღვნებოდა. მთელი რესპუბლიკის მასშტაბით ვიზუალურადაც, ყოველ მეორე სახლზე დაინახავთ მამა-შვილ კადიროვის სურათებს, პუტინის სურათთან ერთად. გაიხსნა ახმად კადიროვის მუზეუმი და ა.შ. ანუ, მოსახლეობის იდეოლოგიური დამუშავება ჩეჩნეთში სრული მასშტაბით მიდის;
  • „ჩეჩნური მიწების“ შემოერთება.

„საქმე იმაშია, რომ როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოთ კავკასიაშიც მრავალადაა ე.წ. საკამათო ტერიტორიები; მეზობელ ერებს ხშირად რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ამა თუ იმ მიწის კუთვნილებაზე. ამ მხრივ არც აღმოსავლეთ ჩრდილოეთ კავკასიაა გამორჩეული - ჩეჩნებს, ინგუშებს და დაღესტნელებს გარკვეულ ტერიტორიებთან მიმართებაში საკუთარი პრეტენზიები გააჩნიათ. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს და მას შემდეგ, გახსოვთ, შეუთავსებელი პოზიციების ქონა შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაიზარდა, მაგალითად ინგუშურ-ოსურში, ჩეჩნურ-რუსულში და ა.შ. ახლა დაიწყო რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს შორის საზღვრების გამიჯნვა და დღემდე არსებულმა საკამათო საკითხებმა კვლავ თავი იჩინა. თუმცა, როგორც სავარაუდო იყო, კადიროვის პოლიტიკური წონის გამო დაღესტანთან და ინგუშეთთან არსებული საკამათო საკითხები ჩეჩნეთის სასარგებლოდ წყდება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ჩანს“,– ამბობს კავკასიოლოგი.

მისივე შეფასებით, მიწების შეერთების პროცესის ამგვარად დასრულება უაღრესად მნიშვნელოვანია კადიროვის შიდა ლეგიტიმაციისთვის:

„მას ექნება შესაძლებლობა, თქვას, რომ  შეძლო ქვეყანაში ომის და ქაოსის დასრულება, რესპუბლიკის ნანგრევებიდან აღდგენა, გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის და კეთილდღეობის მოტანა და საკამათო ტერიტორიების შემოერთებაც კი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სერიოზული არგუმენტებია“.

კავკასიოლოგის აზრით, სწორედ ამ კონტექსტშია საყურადღებო კადიროვის პერიოდული დაინტერება პანკისით.

„პანკისი მუდმივად, ხვდება სხვდასახვა მოთამაშეთა ყურადღების ცენტრში. რუსეთს პანკისი აინტერესებს: სურს, რომ სულ მცირე, მას პრობლემას არ უქმნიდეს, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში, ის სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოლიტიკური თამაშის ნაწილად გამოიყენოს, მაგალითად, საქართველოზე ზეწოლის ბერკეტად. პირდაპირ ამის გაკეთება რთულია, თუმცა კადიროვის მეშვეობით, რომელიც პანკისელების მსგავსად ვაინახია, ეს შეიძლება, ბევრად მარტივი აღმოჩნდეს“,– ამბობს კავკასიოლოგი და კადიროვის ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას:

„კადიროვის ამბიციები სცდება ჩეჩნეთს და ხშირად ჩრდილოეთ კავკასიასაც კი: მას სურს, იყოს „ყველა ჩეჩენის“ ლიდერი, მფარველი. ის კარგად იაზრებს, რომ პანკისში გავლენის მოპოვების შემთხვევაში კრემლის თვალში მისი „ფასიც“ იზრდება. კერძოდ, მას შეეძლება, თამამად თქვას, რომ საქმეებს არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ მეზობელ რესპუბლიკებშიც კი აგვარებს“.

როგორც კავკასიოლოგი აღნიშნავს, მართალია, სადღეისოდ კადიროვის გავლენა პანკისის ხეობაში დიდი არაა, ვინაიდან ადგილობრივების უმეტესობის აღქმაში ის „საკუთარი ხალხის მოღალატეა, რომლის ოჯახის ხელითაც რუსეთმა იჩქერიის [ჩეჩნეთის რესპუბლიკა] განადგურება მოახერხა", თუმცა მომავალში კანაშვილი მსგავს შესაძლებლობას არ გამორიცხავს:   

„პანკისში ხვდებიან, რომ კადიროვი არაა დროებითი მოვლენა, იგი იქცა ფაქტორად, პოლიტიკაში და როგორც ზემოთ ვთქვით, მისი საქმიანობის მასშტაბები გასცდა რესპუბლიკის დონეს. პანკისელები, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, განიცდიან ეკონომიკურ სიდუხჭირესაც; სამუშაო მიგრაციის ერთ-ერთი მიმართულება მათთვის  მშობლიური ჩეჩნეთიც გახდა. ესეც გავლენის ფაქტორია, ჯერ არასათანადოდ ამუშავებული. ასე, რომ არის ობიექტური ინტერესი კადიროვისა ხეობით და არის შესაბამისი პოტენციალიც. ამჟამად, საქართველოს და რამზან კადიროვის მიზნებს რაიმე პირდაპირი შემხებლობა არ გააჩნია; მით უმეტეს, რომ საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიური პოლიტიკა 2012 წელს, რუსეთის მოხთოვნით, ფაქტიურად გაამუქმა. მაგრამ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ კრიტიკულ მომენტში კადიროვი საკუთარი პატრონის ინტერებს გაატარებს; მან კი ლოიალობის სუბიექტი, არაერთხელ დააფიქსირა საჯაროდ. ეს გვაფიქრებინებს, რომ მისი გავლენის ზრდა რეგიონში - ჩვენ ხელს არ უნდა გვაძლევდეს“.

 

ავტორი: დიანა მუსელიანი