„რისკები საგრძნობლად მატულობს...კავკასიის მიმართულებით რუსეთის გააქტიურებასაც უნდა ველოდოთ“

2019-02-11 14:56:03
561

მოსკოვი საქართველოს საზღვრის სიახლოვეს დისლოცირებულ 58-ე არმიას მოტომსროლელი დივიზიებით აძლიერებს. უნდა აღინიშნოს, რომ 58-ე არმია მიიჩნევა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან შეიარაღებულ ძალად. სწორედ 58-ე არმია გამოიყენა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომში.

რატომ აძლიერებს სამხრეთ სამხედრო ოლქის არმიას რუსეთი, მატულობს თუ არა რისკები საქართველოსთვის და რა სახის პროვოკაციებია მოსალოდნელი? ამ საკითხებზე „აქცენტი“ სამხედრო ანალიტიკოსებს ესაუბრა.

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე პროცესს უფრო მასშტაბურ ჭრილში განიხილავს და სამ გარემოებას გამოყოფს:

  • რუსეთი საფრთხეა და საფრთხედ დარჩება
  • რუსეთი აძლიერებს არა მხოლოდ სამხრეთ სამხედრო ოლქს
  • რუსეთისთვის პრიორიტეტად რჩება სამხრეთის და დასავლეთის მიმართულებები.

რაც მეტად შედის ჩიხში რუსეთის ურთიერთობა ცივილიზებულ სამყაროსთან, საფრთხეც იზრდება და რუსეთის კავკასიის მიმართულებით გააქტიურებასაც უნდა ველოდოთ“,– ამბობს ანალიტიკოსი.   

რაც შეეხება უშუალოდ დივიზიებს, სალუქვაძის განმარტებით, რუსეთმა 2008 წლის 5–დღიანი ომის შემდეგ გააანალიზა საკუთარი არმიის ნაკლოვანებები და ძვრებიც დაიწყო: მთელი შეიარაღებული ძალების მასშტაბით მიმდინარეობს სერიოზული მოდერნიზება–რეორგანიზაცია:

„უშუალოდ ამ ორი დივიზიის შექმნაში სიახლეს ვერ ვხედავ და აჟიოტაჟსაც მხოლოდ ამის გამო არ ავტეხდი. პროცესს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ: ეს ორი დივიზია არსებული ბრიგადების ბაზაზე იქმნება. დღეს საბჭოური სტრუქტურის – "არმია – დივიზია–პოლკი" აღდგენა მიმდინარეობს. ამდენად, ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც სამხრეთ სამხედრო ოლქში უკვე წლებია, გრძელდება. თავად სამხრეთ სამხედრო ოლქი რუსეთისთვის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან კავკასია იყო და რჩება რუსეთისთვის სასიცოცხლო ინტერესების ზონად“.

ანალიტიკოსის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ სამხედრო ოლქში ორი საერთო საჯარისო არმია ჩამოყალიბდა, არმია კი რამდენიმე დივიზიას აერთიანებს:

„ფაქტობრივად, გასამმაგდა ამ ოლქის შემადგენლობა. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაზე, რომელშიც ანექსირებული ყირიმიც შედის და არა ამიერკავკასიაში განლაგებულ ბაზებზე: ორი ბაზა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, ერთი – სომხეთში“.

 

„აქცენტთან“ საუბრისას საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას სამხედრო ექსპერტი პაატა გიგაურიც:   

„დივიზია ჯავშანტექნიკით და არტილერიით, ასევე პირადი შემადგენლობის რაოდენობით გაცილებით აღემატება ბრიგადას. რუსული არმია 2008 წლის ომის შემდეგ ბრიგადების სისტემაზე გადავიდა, რადგან ლოკალურ ომებში ბრიგადის და ბატალიონის ზომის საბრძოლო ჯგუფების მართვა უფრო იოლია. უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ გადაწყდა ისევ დივიზიების სტრუქტურაზე გადასვლა, რასაც ეტაპობრივად ახორციელებენ. ეს ორი დივიზია არაა ახალი, ისინი არსებული ბრიგადების ბაზაზე გაიშლება. მე-19 დივიზიის ახალი პოლკი (135-ე) და დივიზიის პოლიგონი მოეწყობა ინგუშეთში. უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან მოწინააღმდეგის მსხვილი შენაერთების ორგანიზება, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია, რადგან ფინანსური კრიზისის პირობებში მყოფი რუსეთი საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს სამხედრო სფეროში, რაც მათი აგრესიული გეგმების შეუქცევადობის დადასტურებაა".