უფლებადამცველები პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას სთხოვენ

2019-02-11 14:55:32
69

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმეში არაერთი სტანდარტი დაირღვა. მათ შორის:

  • არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება კანონის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით მოხდა.
  • დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი. სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი. გიორგი მამალაძის ადვოკატებს პროკურატურამ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე შეუზღუდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება - გაუხმაუროებლობის პირობის ჩამორთმევით.
  • პრობლემურია გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების სამართლებრივი შეფასების და კვალიფიკაციის საკითხიც.
  • სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიერ დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმფცია, რამაც განაჩენის გამოტანამდე საზოგადოებაში წინასწარი განწყობა შექმნა დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არასამთავრობოები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველო (TI); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)