"ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს"

2019-02-11 14:18:34
64

"ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს და ქვეყნის მთავრობას ამ კუთხით მხარდაჭერას უცხადებს", - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის პრეს–სამსახური ავრცელებს. 

პრემიერის პრეს–სამსახურის ცნობითვე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს.

"აღინიშნა, რომ სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პირობებში მთავარი ფოკუსი არის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა და ის საკითხები, რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 


მთავრობის მეთაურმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და საოკუპაციო ხაზზე სტუმრობისთვის, სადაც მინისტრი ლაიჩაკი არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და უსაფრთხოების, ეკონომიკური, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართულებით არსებული კავშირების განვითარების პერსპექტივები“, - ნათქვამია პრემიერის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.