აფხაზები რუსული კომპანიის მიერ ნავთობის მოპოვებას ეწინააღმდეგებიან

2019-02-11 14:04:38
329

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში ნავთობის მოპოვების თემის ირგვლივ ვნებათაღელვა განახლდა. ამის მიზეზად ორი ნავთობკომპანიისთვის  – „როსნეფტისა“ და „აფსნი ოილისთვის" ნავთობის საძიებო სამუშაოების წარმოების ლიცენზიის გახანგრძლივება იქცა.  

პირველთან ხელშეკრულება 2009 წელს დაიდო, მეორესთან – 2014 წელს.

აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის ეკოლოგები და ოპოზიციონერი პოლიტიკისები  ირწმუნებიან, რომ დადებული ხელშეკრულებები "ყაჩაღურია, დრაკონული და აფხაზეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება".

 

ამასთან, მათი აზრით,  „აფსნი ოილი“ რეალურად იგივე „როსნეფტია“ და მოქმედი აფხაზი დე ფაქტო ჩინოსნები ამ მორიგი "აფერით" დიდ ფულს შოულობენ.

როგორც ოპოზიციონერი აქტივისტები მიუთითებენ, დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროსა და „აფსნი ოილს“ შორის შეთანხმება 2014 წელს, სულ ცოტა ხნით ადრე დაიდო მანამ, სანამ იმდროინდელი მმართველი გუნდი შეიცვლებოდა.  გარდა ამისა, მათი შეფასებით, აფხაზურმა პარლამენტმა საინვესტიციო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლებიც ნავთობკომპანიებს გადასახადებისგან ათავისუფლებდა, სწორედ „აფსნი ოილის“ ინტერესებს მიუსადაგა.

აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო ეკონომიკის ექს-მინისტრი დავით ირადიანი, რომელიც 2014 წლის შეთანხმებას აწერს ხელს, 5 წლის შემდეგაც არ ასახელებს კომპანიის დამფუძნებლების ვინაობას და ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატორებს უმაღლეს დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან ამისამართებს. 


„აფსნი ოილის“ ჩამოყალიბების კანონიერების ირგვლივ დავა გრძელდება და სულ უფრო მწვავე სახეს იძენს.