მიროსლავ ლაიჩაკი: "ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მტკიცეა როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებაში"

2019-02-11 12:52:40
42

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკის განცხადებით,  "მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მტკიცეა, როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებაში"

"სლოვაკეთის მიერ ეუთო-ს თავმჯდომარეობის დევიზია „ხალხი, დიალოგი და სტაბილურობა“ და შესაბამისად, ჩვენ ყველა არსებული პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ დიალოგისთვის და საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების სასიკეთოდ. ჩვენ გვქონდა ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელზეც მიმოვიხილეთ აქტუალური საკითხები და განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც საჭიროა თანამშრომლობის გაძლიერება“, - აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოში ვიზიტის დასაწყისში საოკუპაციო ხაზი თავად მოინახულა სოფელ ოძისში და ადგილზე გაეცნო ვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივ ურთიერთობებსაც. ლაიჩაკის განცხადებით, სლოვაკეთმა აამაღლა საქართველოს სტატუსი სლოვაკეთის ოფიციალური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფორმატში, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის.

ცნობისთვის: საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს მიროსლავ ლაიჩაკი ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს,  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ გიგი წერეთელს და  საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.  დღესვე ლაიჩაკი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.