"მივესალმებით ეუთოს თავმჯდომარის პრიორიტეტს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას"

2019-02-11 11:42:51
130

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩეკის ქვეყანაში ვიზიტი "მიუთითებს, რომ საქართველო ეუთოს დღის წესრიგშია და პრიორიტეტულია".

"მივესალმებით მოქმედი თავმჯდომარის პრიორიტეტს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ მიროსლავ ლაიჩეკი გუშინვე ესტუმრა საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში და ადგილზე გაეცნო არსებულ მძიმე ვითარებას. მსურს მადლობა გადავუხადო სლოვაკეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ. შეხვედრაზე განვიხილეთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და შემდგომი ანექსიის მძიმე შედეგები. ვისაუბრეთ ამ რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფაზე“, –განაცხადა დავით ზალკალიანმა მიროსლავ ლაიჩეკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.