"რამდენჯერაც შეეცდება "ენმ" თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება პასუხს და თუ დახმარება დასჭირდება, დავეხმარებით"

2019-02-11 11:25:48
430

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყნის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და  ემიგრანტებს შორის ბელგიაში გამართულ შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ  ღონისძიებაზე მომხდარი დაპირისპირება სწორედ იმის დასტური იყო, რომ საზოგადოება არ მისცემს "ნაციონალურ მოძრაობას" „თავის წამოწევის“ უფლებას და თუ ამაში ხელისუფლების დახმარება დასჭირდებათ, კობახიძის თქმით, დაეხმარებიან.

„ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი, როგორც წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რამდენჯერაც წამოწევენ თავს, უნდა იყოს რეაგირება. პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია, ამაზე არის პასუხისმგებელი საზოგადოება და თითოეული პოლიტიკური ძალა. „ნაციონალური მოძრაობის" რომ არ გვეშინია, დავადასტურეთ ყველა გასულ წელს, ჩვენ ვპირდებოდით ყოველთვის საზოგადოებას, რომ არ დავუშვებდით „ნაციონალური მოძრაობის" რაიმე სახით რევანშს და ამ პირობას ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ მომავალ წელსაც არჩევნებში",- განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის: ბელგიის ქალაქ ლიეჟში გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა.