სააკაშვილის იდეა:"უნდა შევქმნათ საადგილმამულო ბანკი, როგორც თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ გააკეთა"

2019-02-10 22:30:20
1107

"უნდა შევქმნათ საადგილმამულო ბანკი, როგორც თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ გააკეთა" – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 "ჩვენ უნდა შევქმნათ, აი, როგორც თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ გააკეთა საადგილმამულო ბანკი. რა იყო საადგილმამულო ბანკი?! ეს იყო მიწების შენარჩუნება ქართველების შემდგომი თაობებისთვის, რომ არ მომხდარიყო მერე ბოლშევიკური კატასტროფა. ეს იყო სუპერსაშვილიშვილო საქმე, რომელიც ილიამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს. ჩვენ მართლაც უნდა შევქმნათ ბანკი.

როდესაც საქართველოში შეიქმნება ნორმალური ხელისუფლება და ძალიან სწრაფად იქნება ეს. ის უნდა გახდეს მთავარი აქციონერი ამ ბანკის. არა ვიღაც ხაზარაძე, მითუმეტეს ივანიშვილი, არა ვიღაც რუხაძე და ა.შ. თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართული სახელმწიფო. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა ვთქვათ, ამ ბანკის მთავარი ფუნქციაა ემიგრანტებთან ერთად. მიდის ემიგრანტი, მიყვება ფული. მიყვება ფული, ქმნის სამუშაო ადგილს" - განაცხადა სააკაშვილმა. 

შეკრება ლიეჟეში 

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მხარდამჭერი ემიგრანტები შეიკრიბნენ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

რამდენიმე პირი, რომელსაც ხელში საააკაშვილის საწინააღმდეგო ტრანსპარანტები ეჭირა დარბაზში შესვლის უფლებას ითხოვდა, თუმცა დაცვამ ისინი არ გაატარა. შეხვედრის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ისინი პროვოკატორები არიან და ამიტომ არ აძლევდნენ მათ დარბაზში შესვლის უფლებას.

პირველი არხის კადრებში ჩანს, რომ სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პირველი არხის ჟურანლისტის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რის შემდეგაც კონგრესის სასახლის ფოიე მოწინააღმედგეებმა დატოვეს. 

დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ამ პირებმა შენობა დატოვეს ღონისძიების ორგანიზატორებმა კი შენობის კარი ჩაკეტეს.

მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას. 

დარბაზში პოლიტიკური პარტია "თეთრების" დამფუძნებელი თემურ შაშიაშვილი შევიდა, თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერებმა შაშიაშვილი დარბაზიდან გაიყვანეს.

ინციდენტის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა გააგრძელა.

"თანამემამულეთა მსოფლიო კრების" იდეა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც მოძრაობა "ერთად სახლში" ჩამოაყალიბა. მოძრაობის მიზანი ემიგრანტებთან ერთად საქართველოში დაბრუნებაა.