აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი თურქეთში იმყოფებოდა

2019-02-08 20:06:54
283

თურქეთის ქალაქ ადაფაზარიში, სადაც 80 000–ზე მეტი აფხაზი ცხოვრობს, აფხაზური კულტურული ცენტრის მშენებლობა დაიწყო. დე ფაქტო პრემიერ–მინისტრმა ვალერი ბგანბამ, რომელიც 6–7 თებერვალს თურქეთს სტუმრობდა, კულტურული ცენტრის შენობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.


„ცენრტეში ყველა პირობა შეიქმნება საიმისოდ, რათა ვიზიტორებს სრული ინფორმაცია მიეწოდოთ აფხაზეთის შესახებ, დაარსდება მუზეუმი, ამოქმედდება სხვადასხვა წრეები. მსურველები აფხაზური ენის, ეროვნული სიმღერისა და ცეკვის შესწავლას შეძლებენ“,– განუცხადა ჟურნალისტებს დე ფაქტო პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, ცენტრის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის 30 სექტემბრისთვის – „აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღისთვის იგეგმება.

„ჩვენი თანამემამულეები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ფიზიკურად და სულიერად რაც შეიძლება, ახლოს იყვნენ აფხაზ ხალხთან. ისინი ცენტრს შემოწირულობების ხარჯზე აშენებენ. არ იქნებოდა ურიგო, მათ ამ საკითხში ჩვენი ორგანიზაციები დაჰხმარებოდნენ“,– აღნიშნა ბგანბამ.

მისივე ინფორმაციით, სტამბოლში ადგილობრივ აფხაზებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აფხაზ უხუცესთან ადგილობრივი საბჭოს, თურქეთის აფხაზური კულტურული ცენტრების ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე თურქული უმაღლესი სასწავლებლების აფხაზი სტუდენტები ესწრებოდნენ, 200–ზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი.   

როგორც ბგანბა ამბობს, შეხვედრაზე აფხაზმა თანამემამულეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ძალზე პრობლემურია თურქეთიდან აფხაზეთში მგზავრობა, მათ შორის – სტამბოლიდან სოჭამდე ფრენის სიძვირის გამო და ესეც რომ არა, მხოლოდ ვიზის ღირებულება 220 ამერიკულ დოლარს შეადგენს:  

„უფრო ადვილია, სტამბოლიდან ჯერ მოსკოვში გადაფრინდე და შემდეგ სოჭში. გარდა ამისა, მათთვისაც კი, ვისაც აფხაზური პასპორტი გააჩნია და, შესაბამისად, ვიზა არ სჭირდება, სავალდებულოა, აღრიცხვაზე დადგნენ რუსეთის სამიგრაციო სამსახურში, თუმცა იმის გამო, რომ თვითმფრინავი როგორც წესი, ღამის 3–4 საათზე ეშვება, ანუ იმ დროს, როცა სამიგრაციო სამსახური არ მუშაობს, ეს მათთვის ძალზე პრობლემური ხდება. მიზეზები ბევრ ჩვენს თანამემამულეს ხელს უშლის აფხაზეთში ჩამოსვლაში. შეხვედრისას მომმართეს თხოვნით, ვიშუამდგომლოთ რუსულ მხარესთან საზღვრის კვეთის, ვიზისა და მგზავრობის ღირებულების საკითხში დათმობებზე წასვლასთან დაკავშირებით. დაისვა პასპორტიზაციის საკითხი. როგორც იქაურმა აფხაზებმა მითხრეს, თუკი ეს პრობლემები მოგვარდება, აფხაზეთს წელიწადში 15–20 000 ადამიანი მაინც ეწვევა. აფხაზური მხარე აუცილებლად დაუკავშირდება რუსულს თხოვნით, აეროპორტსა და საზღვარზე თურქეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის სეავათების დაწესების საკითხთან დაკავშირებით. თუმცა გვესმის, რომ ეს საკუთრივ ჩვენი თანამემამულეებისთვის ვერ გაკეთდება, ეს საერთო რუსული კანონებია, რომელიც უცხოელებზე ვრცელდება“.