"ბარნოვი არავის არ გაუთავისუფლებია"

2019-02-08 12:27:19
119

დეკანოზ ბიძინა გუნიას თქმით, თბილისის სასულიერო სემინარიიდან გოჩა ბარნოვი არ გაუთავისუფლებიათ. 

სასულიერო პირის განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა გოჩა ბარნოვს გაესაუბრება.  

„2019 წლის 7 თებერვალს თბილისის სასულიერო სემინარიაში შეიკრიბა სამეცნიერო საბჭო, რომელმაც განიხილა გოჩა ბარნოვის ბოლოდროინდელი განცხადებები. საბჭომ განიხილა ეს საკითხი და შეიქმნა 5–კაციანი კომისია საბჭოს შემადგენლობიდან, რომელიც ბატონ გოჩას გაესაუბრება. ამ ეტაპზე  გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბატონი გოჩა გაათავისუფლეს სასულიერო აკადემიიდან, თითქოს მას შეუწყვიტეს ლექტორობა. ორშაბათს თუ ინებებს ბატონი გოჩა, 5-კაციანი ჯგუფი შეხვდება, გაესაუბრება მას და ამის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ საბჭოზე მოსმენილი ეს [ბარნოვის განცხადებები] და სხვა ინფორმაცია, ერთმნიშვნელოვნად უარყოფიდათ იყო შეფასებული, საბჭოს წევრების მიერ, რომელთა შემადგელობაში არიან  აკადემიკოსები და ცნობილი პროფესორები“, – განაცხადა მამა ბიძინა გუნიამ.

მისივე თქმით, სასულიერო სემინარიის საბჭომ არაერთხელ გააფრთხილა და სთხოვა ბარნოვს, რომ “მსგავსი არაკორექტული და თვითნებური ინტერვიუებისგან” თავი შეეკავებინა.

“ვფიქრობ, ბოლო განცხადებებით, მან ზღვარი გადალახა, რომლის განმარტებაც მოელის საბჭოს კომისიასთან. გოჩა ბარნოვი აკადემიისა და სემინარიის ლექტორია, იგი არავის გაუთავისუფლებია, საბჭოზე გამოითქვა უარყოფითი პოზიცია და დამოკიდებულება მისი განცხადებების გამო, თვითონ არ ესწრებოდა საბჭოს, თუმცა, მოწვეული იყო. მან გარკვეული მიეზები დაასახელა, რის გამოც, მოსვლა ვერ მოახერხა. ორშაბათს, მან ბრძანა, რომ შეუძლია შეგხვდეს. დაველოდებით ორშაბათს და დაველოდებით მის პოზიციას,” – განაცხადა მამა ბიძინა გუნიამ.

ცნობისთვის: გოჩა ბარნოვმა განცხადება  7 თებერვალს განაცხადა, რომ სემინარიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ლექციები შეუჩერეს.