ზურაბ დათუნაშვილი: "გეგეშიძის სინანული მოჩვენებითია"

2019-02-08 11:54:42
34

"დღესდღეობით პრეზიდიუმში ისეთი ხალხია, რომლებსაც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ და მე ამ პრეზიდიუმს არ ვენდობი. რომ დაინიშნება სხდომა დაზუსტებით გავეცნობი, თუ ვინ იქნება იქ და შემდეგ გადავწყვეტ, დავესწრები მას თუ არა.

ეს არ არის ჩემთვის მარტივი თემა. ქვეყნის დატოვების სურვილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ არსებული ფედერაციის პირობებში საქართველოში ჩემი კარიერის გაგრძელება წარმოუდგენელია. რაც შეეხება შერიგებას – მე არ მჯერა, რომ გეგეშიძე რამეს ნანობს და არ ვთვლი, ჩვენს შორის რომ ურთიერთობის მოწესრიგების შანსი არსებობს. ჩემი საქმე არის ის, რომ სპორტული კარიერა უკეთესობისკენ წარვმართო. ვაპირებ, რომ გავიმარჯვო. ისე გამოჰყავთ, რომ თითქოს მათ შერიგება უნდათ და ზურას არ უნდა შერიგება. რეალობა კი სხვაგვარია – მათ არ უნდათ შერიგება", - განაცხადა დათუნაშვილმა პრეს–კონფერენციაზე.

გუშინ გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილზე თავდასხმას ნანობს:

"რა თქმა უნდა, ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი. ამ ყველაფერს ჰქონდა ძალიან ბევრი გამოხმაურება. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში. ლიცენზიების მოპოვების წელია და ეს რა თქმა უნდა, აისახება ფედერაციაზე. უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ, რომ მეტი ადამიანი მოხვდეს ოლიმპიადაზე. უნდა მოვრჩეთ კინკლაობას",- განაცხადა გეგეშიძემ.

ცნობისთვის: გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში 11 იანვარს მასსა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.