ვიდეო ▶ კერზაიას საქმე: ექსპერიმენტი განათლების სამინისტროში

2019-02-08 13:57:59
177

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა განათლების სამინისტროში ექსპერიმენტი ჩაატარეს. კერძოდ, როგორც დეპუტატი სერგი კაპანაძე ყვება, პარტიის წარმომადგენლებმა სამინისტროს ფიქრტიური საჩივარით მიმართა.  წერილს ეწერა ფიქტიური სახელი და გვარი და ფიქტიური მისამართი, ისევე როგორც ლავრენტი ქირიას შემთხვევაში. საუბარია ზუგდიდის მე-6 სკოლაში არსებული დარღვევების შესახებ სამინისტროში შესულ მოქალაქე ლავრენტი ქირიას წერილზე.

„განათლების სამინისტროში, რა თქმა უნდა, გვიპასუხეს, რომ ასეთ საჩივარს არ მიიღებენ. „სახელი და გვარი და მისამართი თუ აწერია, მაშინ პირადი ნომერი და ტელეფონი უნდა ეწეროსო“. ლავრენტი ქირიას ანონიმკას სახელი და გვარი და მისამართი ეწერა. პირადი ნომერი და ტელეფონი - არა. ლავრენტი ქირიას ანონიმკა მაინც ჩაიბარეს. არათუ ჩაიბარეს, მის საფუძველზე ეგზეკუცია მოაწყვეს. ნახევარ დღეში გააფორმეს მივლინება.

8 ნოემბრის 14:30-ზე შევიდა ქირიას საჩივარი, მინისტრი 2 წუთში გაეცნო. 3 საათში მთელი სისტემა შემოიარა წერილმა. 18:00-ზე ეგზეკუციის მოწყობის მინისტრის ბრძანება განთავსდა ელექტრონულ სისტემაში და მივლინების ბრძანება დაიწერა 18:01-ზე! ტექსტი მაინც როგორ აკრიფეს ამ 1 წუთში?

ზუგდიდში გენინსპექციის ჯგუფი გაემგზავრა 9 ნოემბრის დილის 4, ამ 5 საათზე, რადგან 10 სთ-ზე უკვე მე-6 საჯარო სკოლაში იყვნენ“,– აცხადებს სერგი კაპანაძე და განათლების მინისტრს მიმართავს: „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, განათლების მინისტრო!“

 

განათლების მინისტრმა ექსპერიმენტს აბსურდი და მონტაჟი უწოდა:

“მინდა, მოგიწოდოთ, რომ თუ გყოფნით იმის უნარი, რომ ასეთი მასალა გაუშვათ, გაუშვით ბოლომდე. ეს ყველაფერი გავლილია. შეურაცხყოფა, ის ტყუილი, ის მონტაჟი  და ამ მონტაჟზე აგებული ცილისწამება, რასაც აქ ვუსმენ… მაქვს აბსოლუტური დეჟა ვიუ, რომ მე ვცხოვრობ დაახლოებით 9 წლის წინ, მაგრამ რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო “ქართულ ოცნებას”, არის ის, რომ როდესაც დღეს აქედან გავალ, აღარ ვცხოვრობ 9 წლის წინ. მე ვცხოვრობ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც ასეთ ადამიანებსაც აქვთ აზრის გამოთქმის უფლება და შეგვიძლია, ერთად ვუსმინოთ, როგორც ჩვენ შეგვეფერება – ღირსეული პასუხუბით”.

ცნობისთვის: გუშინ განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით თავად მიიღო და ერთპიროვნულად აგებს პასუხს.

“ყველა იმ პროცესზე, რაც მიმდინარეობს აქ, ერთპიროვნულად ვაგებ პასუხს. ეს იყო ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ამიტომ არანაირი პასუხისმგებლობის არიდებაზე საუბარი არ არის”, – განაცხადა ბატიაშვილმა 6 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, როგორ მოხდა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სამინისტროში შესული წერილი მინისტრმა რამდენიმე წუთში წაიკითხა, დააწერა ინსპექტირების სამსახურს და მეორე დილით მონიტორინგი უკვე ზუგდიდში იყო. მინისტრის თქმით, წერილების გადაწერა პასუხისმგებელ პირებზე ელექტრონული სისტემით, წუთებში ხდება. ბატიაშვილის თქმით, მოვლენების ქრონოლოგიას და სტატისტიკას მოგვიანებით, განათლების კომიტეტის სხდომაზე წარადგენს.

ბატიაშვილისთვის გაუგებარია კრიტიკა დარღვევების მიმართ სწრაფი რეაგირების თაობაზე და ამბობს, რომ პარლამენტი, პირიქით, უნდა ითხოვდეს სწრაფ რეაგირებას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.

ამასთან დაადასტურა, რომ უწყებას არ გადაუმოწმებია, რეალურად არსებობს თუ არა მოქალაქე ლავრენტი ქირია.

“შემოდის წერილი,  ადამიანის სახელი და გვარი წერია. ჩვენ სანამ ამის იდენტიფიცირებას მოვახდენთ, შეიძლება გავიდეს ძალიან დიდი პერიოდი და შეიძლება, ასეთი პიროვნება იყოს ძალიან ბევრი.  ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, რომ განვახორციელოთ შესაბამისი რეაგირება. ჩვენი ვალდებულებაა არა პერსონის გადამოწმება, არამედ  ფაქტის გადამოწმება და იმ ფაქტზე რეაგირება”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი აცხადებს, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმების გამო, რომელიც რეალურად უკავშირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს, კერძოდ იმას, რომ ია კერზაიამ უარი თქვა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.