სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვას აანონსებენ

2019-02-08 12:05:34
113

სოციალური მუშაკები ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვას აანონსებენ.

უკვე მომზადებულია ერთობლივი განცხადება, სადაც გაწერილია კონკრეტული მოთხოვნები და ეს წერილი სერგეენკოს უწყებას დღეს ჩაბარდება.

მთავარი მოთხოვნა ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი სერვისების ჩამოყალიბება და სოციალური მუშაკებისთვის მინიმალური შრომითი პირობების შექმნაა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მენეჯმენტი არაეფექტურია, მაგალითად კი სოციალური მუშაკები ასახელებენ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას, როდესაც 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

იმ შემთხვევაში თუ პრობლემა არ მოგვარდა, ისინი ახალ ტრაგედიასაც არ გამორიცხავენ.