1979-2009 წლებში ირანში სიკვდილით სულ მცირე, 860-მდე ჟურნალისტი დასაჯეს

2019-02-08 11:39:12
97

ირანის ხელისუფლებამ 1979-დან 2009 წლამდე პერიოდში დააკავა, დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა სულ მცირე, 860 ჟურნალისტი, - იუწყება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე".

პარიზში დაფუძნებულ უფლებადამცველ ჯგუფს ეს მონაცემები ირანის იუსტიციის უწყებიდან გამოჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოჰყავს.

ინფორმატორის მიერ მოწოდებული მასალა შეიცავს 1,7 მილიონ საქმეს, რომლებიც ირანში უმცირესობებს, ოპოზიციის წევრებს, ჟურნალისტებსა და სხვა უდანაშაულოდ დასჯილ პირებს შეეხებათ.

ორგანიზაციის გენერალური მდივნის, კრისტოფ დელუარის განცხადებით, მასალა შეიცავს დაკავების, დაპატიმრების და სიკვდილით დასჯის ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ირანის ხელისუფლებამ თეირანის რეგიონში სამი ათწლეულის განმავლობაში აღასრულა.

ორგანიზაციის ანგარიშის გამოქვეყნების ფონია ირანის ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავის აღნიშვნა.

დაკავებულ, დაპატიმრებულ და სიკვდილით დასჯილ, სულ მცირე, 860 ჟურნალისტს შორის 218 ქალი იყო. მათ აპატიმრებდნენ „მტრულ უცხო სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის“, „ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისთვის“, „ანტისამთავრობო პროპაგანდისთვის“ და ჯაშუშობისთვის. ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებდნენ ასევე ისეთ ბრალდებებს, როგორიცაა „სიწმინდის და ისლამის შეურაცხყოფა“ და „უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფა“.

ამასთან, დაკავებული ჟურნალისტების უმეტესობას არ ჰქონდა ძირითადი უფლებების გამოყენების, კერძოდ, ადვოკატის ყოლის, ოჯახთან კავშირის შესაძლებლობა. მათ მიმართ იყენებდნენ ძალადობას და აწამებდნენ, - აცხადებენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში.
მის მიერ ირანის ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშის თანახმად, 1980 წლის შემდეგ ირანში 61900 პოლიტიკური პატიმარი იყო, მათგან სულ მცირე, 520 - 15-დან 18-წლამდე ასაკის.
მოძიებული მასალები ადასტურებს 1988 წელს ირანის ერთ-ერთ ციხეში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას, რომლის დროსაც ათასობით პოლიტპატიმარი ირანის რევოლუციის ლიდერ აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ გამოცხადებული ფათვას შედეგად მოკლეს.