დღეს დავითობაა

2019-02-08 10:00:01
117

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. წმინდა დავით აღმაშენებელმა დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დააბრუნა. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელწოდებით არის ცნობილი. კრებამ ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა. კრებამ ასევე ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

წმინდა მეფე 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი“ დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.

ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. დავით აღმაშენებლის მეფობის დროს საქართველო უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.