„როგორც ჩანს, გროზნოში პანკისზეც ფიქრობენ“

2019-02-07 21:11:41
723

კავკასიოლოგ გიორგი კანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ჩრდილოეთ კავკასიური პოლიტიკის გაუქმება დიდი სისულელეა".

„არ ვიცი რამდენად ადევნებთ თვალს, მაგრამ ჩრდ. კავკასიაში ბოლო თვეებია ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. კერძოდ, დაიწყო ჩეჩნეთ-ინგუშეთის და ჩეჩნეთ-დაღესტანის საზღვრების დემარკაცია. არის პრობლემური ნაწილებიც, თუმცა როგორც ჩანს ორივე შემთხვევაში საკითხი ჩეჩნეთის სასარგებლოდ გადაწყდება.

კადიროვის შიდა ლეგიტიმაციისთვის, ამ საკითხების მოგვარება და საკამათო ტერიტორიების ჩეჩნეთზე მიერთება, ფრიად მნიშვნელოვანია. ამ და სხვა მიზეზთა გამო - მისი შიდა ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა, როგორც ჩანს - სტაბილურად იზრდება. კადიროვი, ნელნელა, თუმცა სტაბილურად ემსგავსება სტალინს; დაახლოებით იგივე სენტიმენტებს იწვევს ჩეჩნების ნაწილში, რასაც სტალინი ქართველებში, საბჭოთა კავშირისა და მისი დაშლის შემდგომაც.

სხვათა შორის - კადიროვის ემისრები პანკისშიც გამოჩნდებიან ხოლმე. როგორც ჩანს, გროზნოში პანკისზეც ფიქრობენ. აქ კადიროვი დიდად გულზე არ ეხატებათ, მაგრამ უკვე ხვდებიან, რომ კადიროვი დროებითი მოვლენა არაა; არიან ჩეჩნეთში მომუშავე პანკისელებიც. იმედია, შესაბამისი სტრუქტურები, ამ „მოძრაობებს“ აკვირდებიან და ბოლოს, ისევ გავიმეორებ, „ქართული ოცნების“ მიერ ჩრდ. კავკასიური პოლიტიკის გაუქმება - დიდი სისულელეა!“, – წერს კანაშვილი სოციალურ ქსელში.