“ქართველები თითოეული ადამიანისთვის იბრძვიან”: გალელების უფლებები – სოხუმის ხედვით

2019-02-07 19:46:29
288

გალის რაიონის უმთავრესად ქართული მოსახლეობის უმძიმესი ყოფ ოკუპირებულ აფხაზეთში განხილვის თემად კიდევ ერთხელ იქცა. ამას არცთუ დიდი ხნის წინ ომბუდსმენ ასიდა შაკრილის ოფისის ამოქმედებამ მისცა ბიძგი. პირველივე ანგარიშში სახალხო დამცველმა, მათ შორის, გალელების თემაც წამოსწია და დე ფაქტო ხელისუფლება, საკუთრივ რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელ თემურ ნადარაიას ჩათვლით ადგილობრივთა უფლებების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა.

თავად ნადარაია დაახლოებით კვირანახევრის წინ შაკრილის ანგარიშის წარდგენას არ დასწრებია. ომბუდსმენის მხრიდან მის და მთლიანად დე ფაქტო ხელისუფლების მწვავე კრიტიკას ოკუპირებული რაიონის თავკაცმა 6 თებერვალს ტელეჟურნალისტებთან შეხვედრაზე უპასუხა. ბოლო 4 წლის შეჯამებისას ნადარაია, ტრადიციულად, შავს თეთრს უწოდებდა და ირწმუნებოდა, რომ “არავინ იცავს გალელების უფლებებს ისე, როგორც [ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო] ხელისუფლება”.

"საზღვარს 25-ვე წლის განმავლობაში ღიად ვტოვებდით და დევნილებიც დავაბრუნეთ"

ამის ერთ-ერთ “მტკიცებულებად” რაიონის თავკაცმა, რომელიც ადგილობრივი ქართველებისადმი ყოველთვის განსაკუთრებული დაუნდობლობით გამოირჩეოდა და, როგორც მოსახლეობა ყვება, მის ხარჯზე მუდმივად მდიდრდებოდა კიდეც, დე ფაქტო საზღვრის საკითხისადმი მიდგომა დაასახელა:

"სომხების გენოციდიდან 100 წლის შემდეგაც სომხეთ-თურქეთის საზღვარი დახურულია, ისევე, როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის – ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ. ჩვენს შემთხვევაში კი, პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას გადაწყვეტილებით, საზღვარი გაიხსნა, გალის რაიონში დევნილები დავაბრუნეთ და ჰუმანიტარული მიზნით საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარს ამ 25-ვე წლის განმავლობაში ღიად ვტოვებდით. ამას ჩვენთვის ერთგვარ დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეაქვს: თბილისმა მათრახის პოლიტიკა თაფლაკვერით ჩაანაცვლა და აფხაზეთის მოსახლეობის “ფერებას” ცდილობს, აფხაზეთის სხვადასხვა ეროვნების ბევრმა მაცხოვრებელმა ქართული სამედიცინო დახმარებით დაიწყო სარგებლობა და ამ ყველაფერს იქამდე მივყავართ, რომ შემდეგ საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე აცხადებს, “აფხაზეთი რომ რუსეთის მიერ არ იყოს ოკუპირებული, მასთან ძმობაში ვიცხოვრებდითო».

ეს ყველაფერი – ნადარაიას და მისი ხელმძღვანელების თვალთახედვით. რეალურად კი, აქცენტის” მკითხველს კარგად მოეხსენება: ქართული მხარე, საქართველოს პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად ითხოვენ აფხაზეთიდან დევნილების საკუთარ სახლებში ღირსეულ დაბრუნებას და არ სცნობენ იქაურ ე.წ. არჩევნებს, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად რეგიონიდან დევნილი (რიცხოვნობის შესახებ მონაცემები განსხვავებულია) 300 000-მდე ადამიანის მონაწილეობის გარეშე ტარდება.

დე ფაქტო საზღვრის კვეთის თემაზე საუბრისას ნადარაია აფხაზი ომბუდსმენის იმ ბრალდებასაც გამოეხმაურა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ე.წ. “ღორის გრიპის” გავრცელების მოტივით მისი ჩაკეტვით შექმნილ პრობლემებს უკავშირდებოდა.

აფხაზური მედიაც ადასტურებს, რომ დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით გალის რაიონში სოციალური ვითარება მკვეთრად დაიძაბა, მოსახლეობა ვერ ყიდულობდა აუცილებელ მედიკამენტებს, ვერ იღებდა პენსიებსა და შემწეობებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ა.შ. ამ მხრივ გალელების პრობლემებზე დეტალურად ისაუბრა აფხაზმა ომბუდსმენმაც.

«საზღვარი არასოდეს ჩაგვიკეტია, მხოლოდ რეჟიმი გართულდა, მას კვეთდნენ ენგურჰესის თანამშრომლები, ასევე ავადმყოფები, რომელთაც აფხაზეთის რესპუბლიკის ფაგლებს გარეთ ესაჭიროებოდათ დახმარება. ჩვენ ვიღებდით აფხაზეთის ყველა მცხოვრებს, რომელიც 11 იანვრამდე [დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის თარიღი] საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ვერ ვეტყვით უარს ჩვენს მოსახლეობას, მათაც კი, ვინც “ღორის გრიპით” დაავადდა. ხოლო უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებთან მიმართებაშიც გაჩნდა ეჭვი გრიპის ამ სახეობით დაავადების შესახებ, უარს კარანტინის გამო ვეუბნებოდით», – განაცხადა ამასთან დაკავშირებით ნადარაიამ.

"გალელების სტატუსი განსაზღვრულია და განსაზღვრულია აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად"

რაც შეეხება ასიდა შაკრილის ბრალდებას, რომლის თანახმად, “[დე ფაქტო] ხელისუფლების ქმედებები არ არის მიმართული გალის რაიონის მოსახლეობის აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრირებაზე”, როგორც ნადარაიამ აღნიშნა, “სამწუხაროდ, ომბუდსმენის მიდგომა აცდენილია აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობას, რომელთან შესაბამისობაშიც არის განსაზღვრული გალის რაიონის მოსახლეობის სტატუსი”:

ქ-ნი შაკრილის მტკიცება, თითქოს გალელების სტატუსი დღემდე არაა განსაზღვრული, აცდენილია რეალობას. იგი განსაზღვრულია და განსაზღვრულია აფხაზეთის კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ორი კანონია – მოქალაქეობისა და უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. მინდა, ვუთხრა ქ-ნ შაკრილსა და სხვებს, ვინც საკუთარი თავის რომის პაპზე მეტ კათოლიკედ წარმოჩენას ცდილობს, რომ არავინ იცავს გალელების უფლებებს და არავინ ზრუნავს მათზე ისე, როგორც ჩვენი ხელისუფლება».

ნადარაიას მტკიცებით, “[დე ფაქტო] ხელისუფლება მუდმივად არიგებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მოსახლეობას საბუთების აღებაში ეხმარება, [დე ფაქტო] მთავრობის გადაწყვეტილებაში შეტანილი ბოლო ცვლილებები კი ბინადრობის მოწმობის მქონე ადამიანებს ყველა იმ სოციალურ გარანტიას ანიჭებს, რომლითაც სადღეისოდ აფხაზეთის მოქალაქეები სარგებლობენ”.

"ვერ დავუშვებთ, რომ ერთი და იგივე ადამიანები ირჩევდნენ როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის პრეზიდენტებს"

«მშვენივრად გვახსოვს, როგორ მიმდინარეობდა გალის რაიონში პასპორტიზაცია, საქართველოს და სხვა ქვეყნების რამდენმა ათასმა მოქალაქემ მიიღო აფხაზეთის მოქალაქეობა “მოქალაქეობის შესახებ” კანონის დარღვევით. 2005 წელს მიღებულ ამ კანონში შეტანილია ცვლილებები, რომელიც მოქალაქეობის მიღების პროცედურას ამარტივებს. მაგრამ ვერ დავუშვებთ, რომ ერთი და იგივე ადამიანები ირჩევდნენ როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის პრეზიდენტებს. ჩვენთვის ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის მთავარი მექანიზმია. 1992-1993 წ.წ. სამამულო ომის შემდეგ აფხაზეთში კიდევ ორი კონფლიქტი იყო - 2004 და 2014 წლებში და ორივე გალის საკითხს უკავშირდებოდა. მოქალაქეობა აფხაზეთისთვის სახელმწიფოს დაცვის ქვაკუთხედია და ის, ვინც საქართველოს მოქალაქეებს აფხაზეთის მოქალაქეობას ანიჭებს, ან ვერ ხვდება, რას აკეთებს, ან რესპუბლიკის პრიორიტეტები არ აინტერესებს» - განაცხადა ნადარაიამ.

საინტერესოა, არღვევს თუ არა მის თვალში აფხაზური ე.წ. სახელმწიფოებრიობის პრინციპს ის ფაქტი, რომ, მისსავე სიტყვებს რომ დავესესხოთ, “ერთი და იგივე მოქალაქე ირჩევს აფხაზეთის პრეზიდენტსაც” და რუსეთისასაც... თუმცა აფხაზ ტელეჟურნალისტებს მისთვის ეს კითხვა, ცხადია, არ დაუსვამთ.

ქართული სკოლების რუსიფიკაცია, თუ "ინტეგრაციის ხელშეწყობა"?

არ მიაჩნია ადგილობრივთა უფლებების დარღვევად ნადარიას არც გალის ქართული სკოლების ძალდატანებითი გარუსების კამპანია. ამის მიზნად რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი “ახალი თაობის მიერ რუსული ენის დაუფლების ხელშეწყობას” და “სწავლის ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელების წახალისებას” ასახელებს:

2015 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რაიონის 11 სკოლაში აფხაზეთის განათლების სამინისტროს პროგრამის დანერგვის შესახებ, რომელიც მოსწავლეებს რუსული ენის დაუფლების შესაძლებლობას აძლევთ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, აფხაზურ ენასაც დაუფლებოდნენ, თუმცა მისი სირთულის გათვალისწინებით, ჯერ რუსული მაინც ისწავლონ, რათა გალელებს დანარჩენი აფხაზეთის მაცხოვრებლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცეთ, - სხვა შემთხვევაში ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია. მიმდინარეობს გალელი პედაგოგების გადამზადებაც. ეს ყველაფერი აუცილებლად მიგვაჩნია საიმისოდ, რომ ახალგაზრდა თაობა იყოს ინტეგრირებული. თორემ 45-50 წლის ადამიანის ინტეგრირება შეუძლებელია, თუკი ამდენ ხანს თავად არ გაუჩნდა ამის სურვილი. წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გალის სკოლების 20-მა კურსდამთავრებულმა ჩააბარა და მათგან საუკეთესოებს რაიონის ადმინისტრაცია ყოველთვიურად 5 ათასი რუბლის ოდენობის სტიპენდიას უხდის. ბევრი სტუდენტი უნივერსიტეტთან არსებულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. რექტორმა ალეკო გვარამიამ გალელებს ანგარიში გაუწია და ნება დართო, დაბადების მოწმობების საფუძველზე ჩაირიცხონ” - ირწმუნება რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი.

"საქართველო თითოეული ადამიანისთვის იბრძვის""

იგი არ მალავს, რომ სოხუმს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის ამ კუთხით შეთავაზებული პრეფერენციები აღელვებს:

კიდევ ბევრია სამუშაო სწორედ ახალ თაობასთან, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან, რათა ისინი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისკენ არ იხედებოდნენ. ჩვენ მათ ამას ვერ ავუკრძალავთ. გასულ წელს 6 ხუთოსნიდან თითქმის ყველამ საქართველოში გააგრძელა სწავლა. საქართველო თითოეული ადამიანისთვის იბრძვის. ორი წლის წინ ერთი ვუნდერკინდი მოსწავლე გვყავდა, თავისუფლად საუბრობდა აფხაზურად, ქართულად, მეგრულად, ინგლისურად, ესპანურად, რუსულად და თურქულად. აპრილში მომმართა, მაშინვე დავუკავშირდი განათლების სამინინსტროს, თუმცა “როსსოტრუდნიჩესტვოს” ხაზით საბუთების წარდგენა უკვე დასრულებული იყო. შევთავაზეთ, ერთი წელი აფხაზეთის უნივერსიტეტში ესწავლა, ხოლო მერე “როსსოტრუდნიჩესტვოს” ხაზით მოსკოვში გავუშვებდით. წარმოგიდგენიათ? - საქართველო მასაჩუსეტსის უნივერსიტეტს სთავაზობს, სრული პანსიონით!».

"საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ აფხაზური მოქალაქეობის მქონენი”

კითხვაზე, შეძლებენ თუ არა წელს გალის რაიონის მაცხოვრებლები დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ნადარაიამ აღნიშნა, რომ “შეძლებენ აფხაზური მოქალაქეობის მქონენი, როგორც ეს 2014 წლის საპრეზიდენტო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო”.

მისივე ინფორმაციით, სადღეისოდ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა რაიონში 300-ზე ადამიანს აქვს მიღებული, დე ფაქტო არჩევნების დროისთვის კი, როგორც სოხუმი ვარაუდობს, მათი რაოდენობა გაორმაგდება.

ირღვევა თუ არა დანარჩენი გალელების უფლებები- როგორც ჩანს, შეიძლება, უგულებელჰყო....

"პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა გართულებულია”

პრობლემა, როგორც ნადარაია ირწმუნება, თურმე, იმაშია, რომ “საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა გართულებულია”:

საქართველო არ ართმევს თავის მოქალაქეობას, თუ პირი სხვა ქვეყნის მოქალაქე არ ხდება, აფხაზეთი კი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარდება”.

აი, ამ ფაქტს კი იგი “ადამიანის უფლებათა დარღვევად” აფასებს და აცხადებს, რომ 2015 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეობას გალის რაიონის მაცხოვრებლების 96% ფლობდა.

ომბუდსმენი ასიდა შაკრილი სთავაზობს დე ფაქტო ხელისუფლებას, “კარგად დაფიქრდეს, რა ვარიანტები შეუძლია, შესთავაზოს ამ ადამიანებს, რათა საქართველოსთვის მათი უარიც ლეგიტიმური იყოს და შესაბამისი საბუთიც აფხაზეთისთვის”.

აფხაზეთში ბევრს საუბრობენ გალელების აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაციის აუცილებლობაზე, თუმცა ქმედებებს საპირისპირო მიზნისკენ მივყავართ და უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი არსებულ პრობლემას ვერ ჭრის, ამიტომაც აუცილებელია, შეიქმნას პლატფორმები ამ საკითხის პოლიტიზირების გარეშე გადასაჭრელად. ეს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებშია, ამიტომაც ჩვენი ამოცანაა და არა რომელიმე სხვა სახელმწიფოსი. შეგვიძლია, შევიმუშავოთ რაღაც მექანიზმი, რათა ადამიანებს, თუ ამის შემდეგ მაინც გამოიყენებენ საქართველოს მოქალაქეობას, ამის გამო პასუხისმგებლობა დაეკისროთ» - განმარტა ომბუდსმენმა.

 

«საქართველოს პასპორტით უვიზოდ ევროპის 36 ქვეყანაში შეუძლიათ მოხვედრა, ჩვენს – აფხაზურ პასპორტს კი სწორედ საქართველოს ინიციატივით არ იღებენ" 

ამ კონტექსტში ნადარაიამ ევროპის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო რეჟიმის ფაქტორის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება:

«საქართველოს პასპორტით მათ დღეს უვიზოდ ევროპის 36 ქვეყანაში შეუძლიათ მოხვედრა, მათ შორის - რუსეთშიც. ჩვენს – აფხაზურ პასპორტს კი სწორედ საქართველოს ინიციატივით არ იღებენ. ამდენად, როდესაც დემოკრატიაზე, გადაადგილების უფლებაზე გვესაუბრებიან, მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენც გვაქვს ეს უფლება. ჩვენი ბავშვები შეჯიბრებებზეც კი ვერ გადიან – საქართველოს საელჩოები მაშინვე ტეხენ ამბავს. ჩვენი მოქალაქეების უფლებებს რატომ ვივიწყებთ?! სახალხო დამცველი უპირველესად, აფხაზეთის მოქალაქეების უფლებებით უნდა ინტერესდებოდეს!”.

რას სთავაზობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს ევროპის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმითა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების სიკეთეებით სარგებლობისთვის

ნადარაიას მტკიცებით, “აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირები უუფლებონი არ არიან, არსებობს კანონი, რომელიც მათ სტატუსსა და უფლებებს განსაზღვრავს, - სხვა საკითხია, რომ ბინადრობის მოწმობების გაცემის პროცესი ნელია, თუმცა ეს მხოლოდ სახელმწიფოს ბრალი არ არის”:

ორი წლის განმავლობაში ვთხოვდით ხალხს, მოემართათ, ვაფრთხილებდით, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ძველი ტიპის პასპორტები მოქმედებას შეწყვეტდა. თუმცა უმრავლესობა ბოლო მომენტამდე ელოდა, ყველა ახლა ჩადგა რიგში. მიუხედავად ამისა, შესაბამისი სამსახურები ამ ამოცანის გადაჭრას აგრძელებენ. გარდა ამისა, განსაკუთრებულ, სასწრაფო შემთხვევებში, როდესაც ადამიანი სამკურნალოდ არის გასასვლელი, პასპორტის მოქმედების ვადა კი ამოწურული აქვს, მას ფორმა №9-ს აძლევენ, რომლითაც საზღვრის გადაკვეთა შეუძლია. ზოგადად, მსოფლიოში სხვადასხვა დონის ბინადრობის მოწმობები არსებობს, ზოგან ეს დოკუმენტი მხოლოდ ცხოვრების უფლებას უზრუნველყოფს. მაგრამ ჩვენთან მოქმედი ბინადრობის მოწმობა ძალიან მაღალი დონისაა: იგი არა მარტო ცხოვრების, არამედ სწავლის, მუშაობის, მართვის მოწმობის, საბანკო კრედიტის მიღების, ბიზნესით დაკავების, მთელი სოციალური პაკეტის მიღების საფუძველს ქმნის”.

თუმცა რეალურად, ე.წ. ბინადრობის მოწმობის http://www.accentnews.ge/ge/news/details/56082 მქონე პირი ფაქტობრივად, უუფლებო, ხოლო ე.წ. ფორმა #9 ყოველთვის კორუფციის და ადგილობრივთა დაყაჩაღების წყაროს წარმოადგენდა http://www.accentnews.ge/ge/news/details/40360.