განათლების მინისტრი – კერზაიას საქმეზე: „ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას... ეს იყო ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება"

2019-02-07 19:51:55
224

განათლების მინისტრი ია კერზაიას საქმეზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. მინისტრის თქმით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გენინსპექციის შესვლა მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო და მასზე გავლენა არავის მოუხდენია.

„ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, მე ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი ვარ, მე ყველა იმ პროცესზე, რომელიც აქ მიმდინარეობს მე ვაგებ და ერთპიროვნულად ვაგებ ამაზე პასუხს, თავისთავად, რომელიც ამაში არსებობს. ამიტომ, აქ არანაირ პასუხისმგებლობის არც არიდებაზე არ არის საუბარი, არამედ, პირიქით, იმაზეა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, დასკვნა, რომელიც შეიძლება აქედან გამოვიდეს, მე ვაგებ ამაზე პასუხს იმიტომ, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო აქ მიღებული, ყველა ის წერილი, წუთებზე ლაპარაკობთ, მაგრამ მე ჩემს ანგარიშში ვილაპარაკე, მაგრამ თუ გაინტერესებთ დეტალური დრო, თუნდაც ეგ დრო, კითხვებს იწვევს, მე გავცემ ამაზე პასუხს, როგორ მიმდინარეობდა იგივე გადაწერა",  - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

განათლების მინისტრის თქმით, ის ზუგდიდის სკოლასა თუ ნებისმიერ რეფორმასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

„ეს იყო ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება და მე აბსოლუტურად იმ გადაწყვეტილებაზე ვაგებ პასუხს, რომელიც დღეს დგას ან ხვალ შეიძლება დადგეს. ამიტომ, არანაირ პასუხისმგებლობის არიდებაზე არ არის აქ საუბარი, არამედ ნებისმიერ, როგორც იქნება ზუგდიდის სკოლა, ან რეფორმის ნებისმიერი კომპონენტი,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 

ბატიაშვილმა იმ წერილის მიღების დროზეც ისაუბრა, რის საფუძველზეც აღნიშნულ სკოლაში შემოწმება დაიწყო.

„ამ კუთხით ბევრი კითხვა ისმის და ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ადამიანურ ტრაგედიას, რომელიც მოხდა. სამინისტროს სახელით პირველივე დღიდან რამდენჯერმე ოფიციალურად მწუხარება იყო გამოხატული და ამას არ ჰქვია იგნორირება. სამწუხარო ფაქტია და ძალიან ვწუხვარ. ამიტომ არ ვიცი, ასეთ კითხვებს რამდენად შეიძლება გავცე პასუხი. მირჩევნია, ერთიან ქრონოლოგიაში განვიხილოთ ეს ყველაფერი, სადაც მოხსენებას გავაკეთებ. არ ვიცი, როგორი ფორმატი შეიძლება გავაკეთოთ. თუმცა, იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენ ახსენეთ კითხვაში, თუ როგორ ხდება ამის მიღება, წუთებში ამის მიღება არ ხდება. წუთებში ხდება წერილების გადაწერა ერთმანეთზე იმ პასუხისმგებლობების მიხედვით, რომელიც ელექტრონული სისტემით არსებობს. ბრძანება, რომელიც თქვენ ახსენეთ, მიღებულია რაღაც წუთებში, არის მიღებული, თუ არ მეშლება, სამუშაო დღის ბოლოს. გარდა ამისა, თქვენ რომ არ დაგრჩეთ იმის შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ასეთი მაგრები ვართ და ასეთ შემთხვევებში სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებას, წარმოვადგენთ სტატისტიკას, კონკრეტულად წინა წლების განმავლობაში რამდენ შემთხვევაში რამდენად სწრაფად ხდებოდა ეს ყველაფერი და იწყებოდა თუ არა პირველივე დღეს აუდიტი. გვაქვს შემთხვევები, როდესაც პირველ დღეს იწყებოდა აუდიტები“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის: ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი აცხადებს, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმების გამო, რომელიც რეალურად უკავშირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს, კერძოდ იმას, რომ ია კერზაიამ უარი თქვა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.

განათლების სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება, რომლის პოლიტიზება დაუშვებელია და აღმოჩენილი დარღვევების მიუხედავად, დირექტორი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ.