მეუფე იაკობი კირილის ნდობით აღჭურვილმა პირმა აღაშფოთა: „ქართულად მძიმედ დაველაპარაკები“

2019-02-07 15:51:50
464

წმინდა სინოდის წევრი, ქორეპისკოპოსი იაკობი რუსეთის პატრიარქ კირილის ნდობით აღჭურვილი მიტროპოლიტის, რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ილარიონ ალფეევის განცხადებამ აღაშფოთა. 1 თებერვალს  ალფეევმა განაცხადა, რომ „საქართველოს ეკლესიას კარგად ესმის, რა შეიძლება დაემუქროს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში". ამ განცხადების გაკეთებისას მოსკოვში  რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციის მე–10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოდან დელეგაცია იმყოფებოდა, ხოლო ილია მეორემ კირილს მისალოცი წერილი მისწერა.

ქორეპისკოპოსმა მეუფე ილარიონი რუს პოლიტიკოსს ჟირინოვსკის შეადარა და რუსული სპეცსამსახურების აგენტი უწოდა.

„როდესაც ჩვენმა მედიამ დაწერა, მეგონა, ან ჟირინოვსკიმ გააკეთა ეს განცხადება, ან მისი პარტიიდან ვინმემ. მაგენი ვერ შეეშვნენ... ადრე ობერპროკურორების ქვეშ, მერე КГБ-ს ქვეშ იყვნენ, ახლა ФСБ-ს და ГРУ-ს ქვეშ არიან. თუ თბილისში ჩამობრძანა, მაგას ქართულად ცოტა მძიმედ დაველაპარაკები. ვიღაცა ალფაევი ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს. ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ საქართველოს ეკლესიაში, რომელიც რუსებს წირვაზე არ აყენებს და ეს იცოდეს. როდესაც ამას ლაპარაკობდა, არავითარი ქრისტიანული მაგასთან არ იყო“,– განაცხადა რ2–ისთვის მიცემულ ექსკლუზიურინ ინტერვიუში მეუფე ქორეპისკოპოსმა და დასძინა, რომ შეურაცხყოფილი ვერ დარჩება:  

„უტვინო განცხადება გააკეთა როგორც ყოველთვის, ამიტომ მისგან შეურაცხყოფილი ვერ დავრჩები“.

გაიხსენა, რომ ალფეევი წარსულში საქართველოს პატრიარქის სტიქაროსანი იყო, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მისი თქმით, სტიქაროსანი კი არა, სასულიერო პირიც შეიძლება, გახდეს მოღალატე და მისი ამასწინანდელი განცხადებაც ამით იყო ნაკარნახევი.  

როდესაც ნაციონალისტ რუსებთან... ნაციონალისტს და შოვინისტს ეხება საქმე, იქ ღვთის მადლი აღარ მოქმედებს რა. ეშმაკისგან მოქმედებენ თუ ვისგან მოქმედებენ, ღმერთისგან არ არიან“,– დასძინა ქორეპისკოპოსმა.

ამავე თემაზე:

საპატრიარქო მიტროპოლიტ ილარიონის ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს