საქართველოში ახალი რელიგიური ორგანიზაცია დაფუძნდა: მღვდელმსახურები საპატიმროში შესვლას შეძლებენ

2019-02-07 14:51:33
330

საქართველოში ახალი რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური უზრუნველყოფა“ დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა და დამფუძნებელმა ალექსანდრე კობაიძემ „აქცენტს“ უთხრა, მიზანი პატიმართა რესოციალიზაციის პროცესში გარკვეული წვლილის შეტანაა.

კერძოდ, როგორც კობაიძე განმარტავს, სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებებში მოქმედი ბიუროკრატიული მიდგომებიდან გამომდინარე, პატიმრებს ხშირად არ აქვთ შესაძლობლობა, შეხვდნენ ოჯახის წევრებს, მით უფრო, ახლობლებს, მეგობრებს, ბიზნეს–პარტნიორებს და ორგანიზაციამ ამ საკითხის მოგვარება გადაწყვიტა:    

„გვინდოდა, ეს საკითხი როგორმე დაგვეგულირებინა და დარეგულირდება კიდეც, როდესაც პირს ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით მიანიჭება შესაბამისი სტატუსი. ეს პირი შეძლებს შეუზღუდავად, სამუშაო დღეებში, სამუშაო საათებში – დილის 10:00–დან საღამოს 18:00–მდე შეხვდეს პატიმარს“.

რა არის საჭირო მღვდელმსახურის სტატუსის მისაღებად

როგორც კობაიძე განმარტავს, დაინტერესებული მოქალაქე ორგანიზაციის წევრებთან გაივლის გასაუბრებას და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მღვდელმსახურის სტატუსსაც მიიღებს. სქესს მნიშვნელობა არ აქვს.

„რაც შეეხება კრიტერიუმებს, არ უნდა იყოს ქმედიუუნარო, ფსიქიკური პრობლემების მქონე, არ გვინდა, რომ საპატიმროში სისტემური პრობლემა შექმნას. ჩვენ მათ ავუხსნით საკუთარ უფლება–მოვალეობებს, ის რომ საპატიმროში მკაცრი კონტროლის რეჟიმი მოქმედებს, დაუშვებელია აკრძალული ნივთის შეტანა და ა.შ. ჩვენ მარტივი ფორმებით გავცემთ სტატუსს“ და დასძენს, რომ ორგანიზაცია თეოლოგიურ მსჯელობებში არ შედის, რადგან მთავარი ამოცანა პატიმართა რესოციალიზაცია და საზოგადოებაში მეტი ჩართულობაა.

იურისტის ცნობით, მოქალაქეებმა ინტერესი უკვე გამოხატეს.

„გუშინ დავარეგისტრირეთ და დღეს ზარები არ წყდება. 10–მდე სტატუსის განხილვის რეჟიმში ვართ“.

ცნობისთვის: არსებობს კიდევ ერთი მსგავსი ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც მოქალაქეებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარება.