გია ხუხაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდა ხელისუფლებაში"

2019-02-07 13:16:53
797

მოსამართლეობის კანდიდტების საკითხი მმართველი გუნდისთვის გამოწვევად იქცა. შიდა კულუარებში დაწყებულმა დაპირისპირებამ საჯარო სივრცეში გადმოინაცვლა და უკვე დაანონსდა რიგი წევრების მიერ პარტიის პარტიის დატოვება. მართალია, ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ წევრებს ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილს გადაწყვეტილება საჯაროდ ჯერ კიდევ არ გაუხმოვანებიათ, მაგრამ  როგორც პარლამენტის ვიცე–სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, მაღალი ალბათობით, პროცესები სწორედ ამ მიმართულებით მიდის. მიზეზად კი მთელ რიგ საკითხებზე, ძირითადად სასამართლოს თემაზე, შეუთანხმებლობა სახელდება. რიგი შემფასებლები მიმდინარე მოვლენებში მმართველი გუნდის რღვევის ნიშნებს ხედავენ, არადა დრამატული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აქვს.

რა პერსპექტივა აქვს დაწყებულ დრამატულ პროცესს, ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

–       ბატონო გია, ჯერ კიდევ მძიმე საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაანონსდა მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის გუნდში, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალ მმართველი გუნდი ახალ სკანდალში გაეხვა. უკვე დაანონსდა, რომ პარტიას რამდენიმე წევრი დატოვებს. თქვენი დაკვირვებით, რა მიმართულებით მიდის „ქართული ოცნება“?

–       „ბოლოჯერ მაპატიეთ, ოღონდ ახლა ხმა მომეცით, კარგი ბიჭი გავხდები, ძალიან შევიცვლებითო“, მიუხედავად ამ დაპირებებისა, „ქართული ოცნების“ ელიტამ გადაწყვიტა, გადააგდოს ყველა ის ადამიანი, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხვეწნა–მუდარით მიიყვანეს საარჩევნო ურნებთან. მათ არ ეთმობათ ის მანკიერი სისტემა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისგან“  კოლექტიური მურუსიძის სახით გადმოიბარეს, მათთან ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, ამიტომ ყველა დაპირება დაივიწყეს. საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითი დაიმსხვრა: მან ფაქტობრივად, არჩევნები  საკუთარი რესურსებით წააგო, ჩვენ დაგვიწყო ხვეწნა და კიდევ ერთხელ დავუდექით მხარში, ამან კი „ქართულ ოცნებაში“ შემდგომი რყევები გამოიწვია. ის უდავოდ რჩება სიკეთეების გამცემ ძალის ცენტრად, მაგრამ მისი ავტორიტეტი არც ქართულ საზოგადოებაში და არც თავად „ქართულ ოცნებაში“ აღარ არის აქტუალური.

–       პარტიაში მიმდინარე პროცესს, იგივე მოსამართლეებთან დაკავშირებით, რამაც შიდა პარტიული დაპირისპირება ღიად აჩვენა, ბიძინა ივანიშვილისგან განყენებულად ვერ განვიხილავთ...

–       ბუნებრივია. იმ წერილით, რომელიც კოლექტიურმა მურუსიძემ დაწერა და მან ხელი მოაწერა [მოსამართლეებთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება], ეს დადასტურდა. თურმე სასამართლოში ძალიან კარგი პროცესი მიდის, რაც შემდეგ კობახიძემ დაადასტურა –  „ჩვენ 2 000 წლის შემდეგ ბიბლიური სასწაულის განმეორება მოვახერხეთო“, რაც სრული აბსურდი და ტრაგიკომედიაა. ამის შემდეგ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრეები გახდნენ. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდა ხელისუფლებაში, უბრალოდ „ქართული ოცნება“ ჰქვია. რატომ ვებრძოდით მიშა სააკაშვილს? მისი ჯინი გვჭირდა? ჩვენ ვებრძოდით იმ მანკიერ სისტემას, რომლის სრულად გადმობარებაზეც ხელი „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა. დღეს „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ სისტემა კი არა, სააკაშვილი იყო მამაძაღლი, თორემ კოლექტიური მურუსიძე გაკეთილშობილდა და ახლა უკვე ჭეშმარით რელიგიას ქადაგებს. ისინი სისტემაზე უარს არ ამბობს. ამდენად, რადგან „ქართული ოცნება“ თავად გახდა სამართალმემკვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“, თავად გახდა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად გახდნენ პასუხისმგებლები იმ მანკიერებაზე, რასაც სისტემური განუკითხაობა ჰქვია, რაც ჩვენ 2012 წელს დავამარცხეთ  და ეს კარგად უნდა გააცნობიერონ. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ თავად სხვისკენ იშვერენ ხელს.

–       აქ პარლამენტის თავმჯდომარის არგუმენტი იყო, რომ „ადამიანები ადრე ცუდ რამეებს აკეთებდნენ, ახლა კი კარგ რამეებს სჩადიანო“...

–       ანუ ჩვენ მოვახდინეთ სასწაული და სავლესგან შევქმენით პავლეო [ბიბლიური პერსონაჟი]. ქრისტიანული სარწმუნოება ამ სასწაულებით წამოვიდა. კობახიძე კი გვეუბნება, „მე ვარ ანანიაო“. ანანია იყო ღმერთის ინსტრუმენტი, რომელმაც თვალი აუხილა სავლეს და მას ეწოდა პავლე. ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ ახალი რელიგია დავაფუძნეთ, ახალი სასწაული მოვახდინეთო. ვინ ღმერთია და ვინ ვისი ინსტრუმენტი, თავად დაარქვით სახელები.

–       ბრძანეთ, „ქართული ოცნება“ თავად გახდა „ნაციონალური მოძრაობაო“. რას აძლევს მთელი ეს პროცესი მმართველ გუნდს?

–       მათ ააშენეს მანკიერი ბაბილონის გოდოლი და მისი ხარისხიანად მართვაც არ შეუძლიათ. ამ ურჩხულის მართვა იცოდა სააკაშვილმა, პოლიტიკურ ვერტიკალში აქცევდა. ამათ ესეც არ შეუძლიათ. ჰგონიათ, რომ მართავენ და სინამდვილეში, ამ სისტემის მძევლები გახდნენ. დაიწყო ბაბილონის გოდოლის შეუქცევადი ნგრევის პროცესი, რაც უცილობლად სრული კრახით დასრულდება. ამ ქვეყნის უახლესი ისტორია ამაზე მეტყველებს. ხელისუფლებას აღარ აინტერესებს ხალხი, განწყობები და ა.შ. და ძირითად ფსონს რესურსების მონოპოლიზებაზე ჩამოდის. ფიქრობენ, ფინანსური, ადმინისტრაციული, ორგანიზაციული, სპეცრესურსები ჩვენს ხელშია, ვიღაცას ვიყიდით, ვიღაცას შევაშინებთ და ამით გავალთ ფონსო. მაგრამ წაიკითხონ საქართველოს ისტორია და ნახავენ, როგორ მთავრდება ამ ტიპის ლოგიკით სახელმწიფოს მართვის მცდელობა.

–       საზოგადოებრივი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საზოგადოება ალტერნატიული ძალის მოლოდინშია, რაც სადღეისოდ არ ჩანს...

–       ამას არ აქვს მნიშვნელობა. კარგი თუ ცუდი ალტერნატივა თავისთავად ჩამოყალიბდება. ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, პოლიტიკური სუიციდია. ალტერნატივა ჩამოყალიბდება თუ არა, ეს კი არ არის მმართველი გუნდის პრობლემა, პრობლემა თავად „ქართული ოცნებაა“; ბიძინა ივანიშვილის პრობლემა გარეთ კი არა, თავად ბიძინა ივანიშვილია. შიგნიდან ინგრევიან და თან ისე, რომ ამას ვერც ხედავენ.

–       პარტიაში რეამინირების რესურსებს ვერ ხედავთ?

–       იქ ამის რესურსი არ არის. რანაირად უნდა მოხდეს რეანიმირება, როდესაც მანკიერი სისტემის შენარჩუნების ისტერიული მცდელობა აქვთ, არა ტრანსფორმირება – რეორგანიზაციაზე. მზად არიან, ამისთვის ბოლომდე იბრძოლონ. ამ პროცესში კი თვითიზოლაცია განიცადეს. აი, მაგალითად, სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით  სრული სახალხო კონსენსუსია – პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, ხალხი, ყველა თვლის, რომ კოლექტიური მურუსიძე ცუდი ფენომენია, მაგრამ ხელისუფლება მას ეპოტინება, სხვა არაფერი იცის და არაფერი შეუძლია. ჩაიკეტნენ პოლიტიკურ ბუნკერძი, იქვეა ჩაკეტილი ბიუჯეტი, ამათი რეალური ქონება, სპეცსაშუალებები, გამაგრდნენ და იქიდან უნდათ, ამ ყველაფერს გაუმკლავდნენ. რაც სიგიჟეა.

–       ერთ წელიწადში კი საპარლამენტო არჩევნებია...

–       დიახ. მიდის დეგრადაციის პროცესი და იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე მე ველოდი. მეგონა, პროცესი უფრო ნელა წავიდოდა, მაგრამ თავადვე აჩქარებენ. ჩვენ შეგვიძლია რჩევები მივცეთ, მაგრამ გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და ყოველი შემდეგი გადაწყვეტილება ბევრად უფრო სავალალოა, სამწუხაროდ, ქვეყნისთვისაც. ადამიანი რომ გამოდის და ამბობს, რომ მოსამართლეები წარსულში ძალიან ცუდ რაღაცეებს სჩადიოდნენ, ბევრი დანაშაული აქვთ, მაგრამ ის დანაშაულები ჩამოვწეროთ და ახლა ქვეყანა ავაშენებინოთო, რაზე უნდა ელაპარაკო?

–       ამ პროცესში ალტერნატიული ძალისთვის პოლიტიკური ველი თავისუფლდება, და უკვე დიდი ხანია ასეცაა. თქვენც ხშირად ახსენებთ მესამე ძალას, მაგრამ ჩამოყალიბბის ნიშნებს ხედავთ?

–       დეფიციტია. შეიძლიება ახალი ვერც ვერაფერი დაიბადოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის, რაც უნდა შეიცვალოს, არ შეიცვლება. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ შემდეგი ძალა არსებულზე უკეთესი იქნება, მაგრამ ის, რომ ეს [მმართველი გუნდი] რომ უნდა შეიცვალოს, უკვე მოცემულობაა. რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, ვინ შეცვლის. თუ რამე ახალი და ჯანსაღი გამოჩნდა, ხომ კარგი, თუ არა და ცუდი შეცვლის. ამათ უკვე პერსპექტივა აღარ აქვთ.