ისევ გაზი: თბილისში კორპუსი აფეთქების საფრთხის წინაშე დადგა

2019-02-05 13:22:56
444

გუშინ გვიან ღამით თბილისში წერეთლის გამზირის ნომერ 7-იდან ყაზტრანსგაზ-თბილისის ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი მეზობლის დაუდევრობის გამო საცხოვრებელი კორპუსი აფეთქების საფრთხის წინაშე დადგა.

როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ აცხადებენ, შენობაში გაზის მძაფრი სუნი იდგა. გამოძახებაზე მისულმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით შეამოწმეს კორპუსი და საკომუნიკაციო ჭები. შემდეგ კი სპეციალური აპარატურის საშუალებით დადგინდა დაზიანება ერთ-ერთი დაკეტილი ბინიდან, სადაც არავინ ცხოვრობდა.

მეპატრონის ადგილზე მისვლის შემდეგ სპეციალისტებმა ბინაში შესვლისას აღმოაჩინეს ღია მდგომარეობაში დატოვებული რეზინის მილი, საიდანაც გაზი ჟონავდა.

ყაზტრანსგაზ-თბილისი ავრცელებს ადგილზე გადაღებულ ფოტოებს და მოსახლეობას მოუწოდებს, გაზგაყვანილობასთან და გაზის დანადგარებთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ რადგან მობინადრეები მსგავსი დაუდევრობითა და უყურადღებობით დიდ საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს ისე კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს. „ნუ მოიხმართ საშიშ და აკრძალულ ღია კამერიან წყალგამაცხელებლებსა და გაზგამათბობლებს, მსგავსი გაზდანადგარები საშიშია“, - აცხადენ კომპანიაში.