მარკ ბერენტი: „საქართველო ორი ადამიანის ხაფანგშია“

2019-02-05 11:19:20
490

"ფრიდომ ჰაუსის" ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორის მარკ ბერენტის აზრით, საქართველო ორი ადამიანის  – ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ხაფანგშია, რაც ხელს უშლის პოლიტიკის უფრო სტაბილური და ნორმალური გზით განვითარებას. 

„ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ის კი არაა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვანი/არაფორმალური მმართველი, დიახ, ის არის და ეს არაა კარგი, რომ ვიღაცას, ვინც არ არის არჩეული ამხელა გავლენა აქვს, მაგრამ ეს ქართული პოლიტიკის სინამდვილეა. ვფიქრობ, უმთავრესი საკითხი ისაა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ ვერ გადალახა პოლიტიკის ის აღქმა, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონკურენციის, ბიძინასა და მიშას ირგვლივ ტრიალებს. ქვეყანაში მხოლოდ ეს ორი ადამიანი არაა. მხოლოდ ამ ორ ადამიანს არ აქვს იდეები და წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოვლენები. ქართული პოლიტიკა ამ ორი პიროვნების მიღმაც უნდა განვითარდეს. იფიქრონ, რა არის ის, რაც საქართველოს სურს, რომ გააკეთოს და როგორი უნდა იყოს ახლო მომავალში. მართლა მგონია, რომ საქართველო არის ამ ორი ადამიანის ხაფანგში, ეს ხელს უშლის პოლიტიკის განვითარებას უფრო სტაბილური და ნორმალური გზით, ეს რაციონალური პოლიტიკური პარტიების განვითარებას უშლის ხელს, პარტიების, რომლებსაც ექნებათ ძლიერი იდეები და პლატფორმები, რომლებსაც ხალხი შეხედავს და შეაფასებს, უნდა თუ არა, რომ ამას მხარი დაუჭიროს. არ არის რეალურად იდოლოგიური დისკუსიები, გარდა ფიგურალური შეფასებებისა: პრორუსული თუ პროდასავლური, რაც ვფიქრობ, ასევე არაა მართებული. რადგან ძირითადად, საქართველო არის პროდასავლური, ევროატლანტიკური სტრატეგიის ერთგული და ეს არ არის ის, რისი შესუსტებაც რეალურად ვინმეს სურს“, - განაცხადა მარკ ბერენტიმ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი კითხვაა, რომელსაც ქართული პოლიტიკური კლასი არ სვამს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

„საქართველოს მთავრობისთვის მთავარი რჩევა იქნებოდა ის, რომ ყველაფერი გააკეთონ, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმუშაონ, როგორც პარტნიორებთან“,– აღნიშნავს მარკ ბერენტი.

 მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამყოფოს ანგარიშვალდებული საზოგადოების იმ პრინციპებისადმი, რომლის აშენებაც გინდა, მაგრამ ამავე დროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ნებისმიერი რეფორმის განსახორციელებლად:

„მათთან ძლიერი, კრიტიკული პარტნიორობა უნდა გქონდეს. ვფიქრობ საქართველოს მთავრობას და არა მხოლოდ მას, პოლიტიკურ პარტიებსაც, პოლიტიკურ სისტემას და ელიტასაც სჭირდება, რომ გადაილახოს მიშასა და ბიძინას დუელი. საკითხი, რომ თუ „ოცნების“ მიმართ კრიტიკული ხარ, ე.ი. მიშა გიყვარს და თუ მიშა გიყვარს, რასაც „ოცნება“ აკეთებს, ყველაფერი ცუდია, ვფიქრობ, ეს არ უწყობს ხელს საქართველოს იმაში, რომ განაგრძოს წინსვლა და იპოვოს მისი ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრის გზები“.