აქცია საპატრიარქოსთან: „ჩემი ძმა საპატრიარქოს რიგი დაჯგუფებების გამოა უკანონო პატიმრობაში“

2019-02-04 16:16:51
248

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპატრიარქოს წინ საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, დაკავებულ დეკანოზს ზიარების უფლება მიეცეს.

დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით, დაპირების მიუხედავად, დეკანოზის მოძღვარს საპატრიარქოდან პრობლემებს უქმნიან და საპატიმროში არ უშვებენ.

„ორ წელზე მეტია, რაც ჩემი ძმა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ის არის სასულიერო პირი და ვითხოვთ მის ზიარებას, ასევე მის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან. დეკემბრის ბოლოს დამიკავშირდა მეუფე დიმიტრის წარმომადგენელი და გადმომცა, რომ არის კურთხევა, დეკანოზი ეზიაროს. ამის შემდეგ კი, მირეკავს დეკანოზის მოძღვარი მამა ნიკოლოზი და მეუბნება, რომ საჭირო საბუთებთან დაკავშირებით, რაც ციხეში შესვლისთვის იყო აუცილებელი, პრობლემები შეექმნა საპატრიარქოში. ამასთან, მეუფე დიმიტრი დაგვპირდა, რომ ამ საკითხს გაიტანდა სინოდის სხდომაზე, მაგრამ ჩვენ სინოდს ვეღარ დაველოდებით, რადგან ჩემი ძმის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ვითხოვთ მის ზიარებას და გათავისუფლებას. ჩემი ძმა საპატრიარქოს ზოგიერთი დაჯგუფებების მიერ არის უკანონო პატიმრობაში“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ უერთდება დეკანოზის ახლობლების მოთხოვნას, ვინაიდან დეკანოზის სულიერი მდგომარეობა არ არის კარგი.

„დეკანოზის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გავასაჩივრეთ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გვექნება პასუხი და მიიღებს თუ არა ამ საქმეს სტრასბურგი განსახილველად. იმედი გვაქვს, დადებითი პასუხი იქნება, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია დეკანოზის სულიერი მდგომარეობა, რომელიც არ არის კარგი და ვუერთდებით ოჯახისა და ახლობლების მოთხოვნას, რათა მიეცეს მას ზიარების უფლება“,-აცხადებს მიხეილ რამიშვილი.