ვენესუელაში მრავალათასიან აქციაზე საქართველოს დროშა გამოჩნდა

2019-02-04 14:25:07
395

კარაკასში, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მხარდამჭერ მრავალათასიან აქციაზე საქართველოს დროშა გამოჩნდა. საპროტესტო აქციაზე საქართველოს დროშასთან ერთად ყველა იმ ქვეყნის დროშა აჩვენეს, რომელმაც ხუან გუაიდოს მხარი დაუჭირა და ის დროებით პრეზიდენტად აღიარა.აქციაზე შეკრებილებმა ხუან გუაიდოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.


ვენესუელაში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძეც: 


“ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წელს ვთქვით, რომ მადუროს რეჟიმი არ იყო ლეგიტიმურად არჩეული. აქედან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ ეს თემა საერთაშორისო პოლიტიკაში დღეს ძალიან პოპულარულია, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ვთქვით ამის შესახებ ძალიან პრინციპულად. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენმა მეგობრებმა და სტრატეგიულმა მოკავშირეებმა მიიღეს ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიცია. მადუროს რეჟიმი უკვე წლებია აგრძელებს ხელისუფლების უზურპაციას, რაც ძალიან მძიმედ აისახა მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ განვითარებული სამყაროს გვერდით. ამას დაემატა ის, რომ ეს რეჟიმი საერთაშორისო სამართლიდან გავიდა და კიდევ ერთხელ დაარღვია ის, როდესაც აღიარა ჩვენი ისტორიული ტერიტორიები, რომლებიც დღეს ოკუპირებულია. ის, რაც დღეს ხდება ვენესუელაში, არის კიდევ ერთი მაგალითი იიმისა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაბედოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წასვლა. ეს ძალიან მძიმე შედეგებთ სრულდება. მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს და ბოლომდე ვრჩებით ერთგული იმ განცხადებისა, რომელიც გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, ვენესუელაში ყველაფერი დემოკრატიისა და დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი 24 იანვარს გამოაცხადა. მისივე თქმით, ის დაასრულებს ქვეყანაში ნიკოლას მადუროს დიქტატორულ რეჟიმს, ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს.

ამავე თემაზე: 

რამდენ ხანს გასტანს ვენესუელის მიერ სოხუმისა და ცხინვალის აღიარება