რა უნდა ვიცოდეთ ფარული კადრების შესახებ: იურისტის რჩევები

2019-02-04 13:13:13
504

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ კადრებთან დაკავშირებით აქტიურად საუბრობენ, შედგა არაერთი დებატი, როგორც ჩანს, საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს სათანადო ინფორმაცია ფარული კადრების შესახებ, კერძოდ, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რა სახის ქმედება ითვლება დასჯადად. ამას უკანასკნელი  მოვლენებიც ადასტურებს. მაგალითად, უკანასკნელი რამდენიმე კვირაა ქართული საზოგადოება ერთ–ერთი ქართველი პოლიტიკოსი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ირგვლივ მსჯელობს, დააკავეს 16 პირი და მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც აღნიშნული კადრები სოციალურ ქსელში გადაიზიარეს, ან ისეთები, რომლებმაც ვიდეო „მესინჯერში“ საღამოს მიიღეს, მის გავრცელებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა დილით მაინც საპატიმროებში აღმოჩნდნენ.  არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებული მოქალაქეების ნაწილი მათდა უნებურად გახდა სისხლის სამართლის დანაშაულის მონაწილე, და ახლა მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობისგან თავის დასახსნელად ბრძოლა მოუწევთ. არსებობენ ისეთი მოქალაქეებიც, რომელთაც გასულ წლებში, ან თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული კადრები ჩამოტვირთა და ინახავს, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზნით.  ამდენად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რას ამბობს მსგავსი შემთხვევების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.

რას ამბობს კანონი

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157–ე მუხლი საუბრობს.

1. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

2. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

იგივე ქმედება ჩადენილი ანგარებით, ან არაერთგზის 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო თუ  მსგავსი ქმედება განახორციელა პირმა, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების დაცვა, ან მან ეს ქმედება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა, სასჯელი იზრდება 7 წლამდე.

ამასთან, ამავე კანონის მიხედვით, ფარული კადრების მოპოვება–შენახვისთვის პირს პასუხისმგებლობა  იმ შემთხვევაში არ დაეკისრება, თუ ამ მასალას საგამოძიებო ორგანოებს გადასცემს და უწყებას ჩადენილი თუ მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

 

2016 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კანონში გაჩნდა სოციალური ქსელის შესახებ ჩანაწერი. საუბარია სსკ–ის 157–ე მუხლზე, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფას ეხება.

კანონის ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ისჯება თავისუფლების ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით აღკვეთით.

2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ანგარებით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება–შენახვისთვის პირი პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევაში გათავისულფდება, თუ ის ამ ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოებს გადასცემს და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

 

რას ნიშნავს კადრების გავრცელება–შენახვა და როგორ უნდა მოვიქცეთ

როგორც „აქცენტთან“ საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, თუ მოქალაქეს ხელში [მნიშვნელობა არ აქვს, რა გზით] ჩაუვარდა ხელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი, ორი გამოსავალი აქვს:  

„სისხლის სამართლებრივი პასუხსიმგებლობისგან გათავისუფლდება, თუ დაუყონებლივ მიმართავ შს სამინისტროს, პოლიციას დაუშვებს მის სოციალურ ქსელში და აჩვენებს, ვინ გამოუგზავნა ჩანაწერი. ამ შემთხვევაში, ეს ქმედება შენახვად აღარ ჩაითვლება. ან მეორე გამოსავალია – წაშალოს ჩანაწერი მისი სოციალური ქსელიდან“.

როგორც იურისტი განმარტავს, აკრძალულია მსგავსი ჩანაწერის ვინმესთვის გადაზიარება [მოტივს მნიშვნელობა არ აქვს]. მედიის შემთხვევაში კი შესაძლებელია, მიღებული ჩანაწერი პოლიცია გადაეგზავნოს, ხოლო  თავად ჩანაწერი ისე გაავრცელოს, რომ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება შეუძლებელი გახდეს.

რა იგულიხმება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში

ირკვევა, რომ კანონში ტერმინის „პირადი ცხოვრება“ ამომწურავი განმარტება არ არსებობს, თუმცა სექსუალური სცენების ამსახველი კადრები ცალსახად სსკ–ის 157–ე მუხლის მიერ განმარტებული დანაშაულის კატეგორიაში გადის.  

„ბუნებრივია სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, როდესაც ადამიანს არ აქვს ინფორმაცია, რომ უღებენ, ეს რეალურად ფარული ჩანაწერია, ის ჩაითვლება ადამიანის პირად ცხოვრების შემცველ ინფორმაციად და მოექცევა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის დეფინიციაში, განურჩევლად იმისა, რა პოლიტიკური კონტექსტიც არ უნდა ჰქონდეს მას“,– განმარტავს გოცირიძე.  

ხოლო თუ ფარული ჩანაწერი [უნებართვოდ დამზადებული] მხოლოდ პოლიტიკური შინაარსისაა, არ ასახავს სექსუალურ სენებს, ის უკვე საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია და სოციალურ ქსელში მისი გადაზიარება, თუ ჩატში ჩაგდება არ მოექცევა სსკ–ის 157–ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ რეგულაციაში, თუმცა ამ კადრების ფარულად დამზადება პასუსისმგებლობას დაექვემდებარება.

რაც შეეხება კადრებს, რომლებზეც სექსუალური სცენები არ არის ასახული, თუმცა პრივატულ სფეროშია ფარულად გადაღებული, ვინაიდან კანონში ტერმინი „პირადი ცხოვრება“ ცალსახად არ არის გამარტებული, ამ კადრების გავრცელება–შენახვა უკვე ულტრირების შესაძლებლობებს იძლევა.