კარასინი – 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციაზე: „სწრაფ გარღვევებს ნუ დაელოდებით“

2019-02-04 11:52:06
304

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგორი კარასინი გამოცემა „კომერსანტს“ რუსეთ–საქართველოს 2011 წლის შეთანხმების იმპელმენტაციის პერსპექტივებზე ესაუბრა. 

რას გულისხმობს “საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ” 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის  გაფორმებული ხელშეკრულება. 

 „აქცენტი“ ამ ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ:

–რა დარჩა გასაკეთებელი, რათა 2011 წლის შეთანხმება ამოქმედდეს?

–ახლა მნიშვნელოვანია, ამ შეთანხმების რეალიზების პროცესი ჩამოყალიბდეს. ველოდით, სანამ ქართული მხარე შვეიცარიულ კომპანია SGS–ს აუცილებელ შენატანს გადაუხდიდა. შეფერხებამ 6 თვე შეადგინა, თუმცა საბოლოოდ თანხა შეიტანეს.

ვიმედოვნებთ, რომ 6 თებერვალს ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც შვეიცარიისა და SGS–ის წარმომადგენლებიც მიიღებენ მომაწილეობას. მოუთმენლად ველით ამ შეხვედრის შედეგებს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი პოზიტიური იქნება. თუ ყველაფერი ასე მოხდება, ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, შევძლებთ, 2011 წელს მიღწეული შეთანხმებების რეალიზებას შევუდგეთ.

– თუმცა შეგვიძლია თუ არა, უკვე ვთქვათ, რომ ეს შეთანხმება მალევე ამოქმედდება?

– მოდით, ჟენევის შეხვედრის შედეგებს დაველოდოთ. მნიშვნელოვანია, ამ პროცესის პოლიტიზება არ მოხდეს.  3–დან 2 დერეფანი ხომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას გაივლის. მოდით, ჩვენს ექსპერტებს ობიექტური და მშვიდი მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ.

– რას მოგვცემს ამ შეთანხმებების განხორციელება?

– ტვირთები, რომლებიც საქართველოს გავლით რუსეთში (არ არის სავალდებულო, მარტო ქართული, შესაძლოა, მაგალითად, სომხური) მიემართება, SGS–ის მიერ საბაჟო მონიტორინგის პუნქტებზე დაფიქსირდება, შემდეგ შესაბამისი ლუქებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს გაივლის, ხოლო უკვე რუსეთის ტერიტორიაზე ლუქები აიხსნება. ყველა მონაცემი იმ საქონლის შესახებ, რომელიც ამ ტერიტორიაზე იმოძრავებს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მიეწოდება.

– უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოსთან, ან, მაგალითად, სომხეთთან ტვირთბრუნვის ზრდას?

– მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჯერ მონიტორინგის მექნიზმი უნდა ჩამოვაყალიბოთ. ზურაბ აბაშიძესთან შევთანხმდით, თებერვლის ბოლოსაც შევხვდეთ, ანუ უკვე ჟენევის შეხვედრის შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ გავიაროთ, როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი და შევხედოთ ყველა სირთულეს. სწრაფ გარღვევებს ნუ დაელოდებით. წინ სერიოზული ტექნიკური და ლოჯისტიკური სამუშაო გველის, რომელსაც დრო და ჟინი დასჭირდება. რუსული მხარე ამისთვის მზად არის.