დატბორილი სახლები, მაღაზიები, სალონები და მანქანები - ბარნოვის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა

2019-02-03 13:49:15
256

ბარნოვის ქუჩა დატბორილია - ადგილზე მაგისტრალური მილი გასკდა, საიდანაც მთაწმინდის რაიონი წყლით მარაგდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რ2 ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ქუჩაზე მდებარე სახლების პირველი სართულები, მაღაზიები და მანქანები დაზიანებულია. წყალმა შეაღწია შენობების პირველ სართულებზე, დაზიანებულია სალონების, მაღაზიებისა და საცხოვრებელი სახლების ავეჯი და ინვენტარი.

დაზარალებულები ამბობენ, რომ თავდაპირველად მათ ძლიერი ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც მათ სახლებში წყლის ნიაღვარი შევარდა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ბარნოვის ქუჩა გადაკეტილია და ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სპეცტექნიკა.

კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის (GWP)" განცხადებით, სპეციალისტები ადგილზე შეუჩერებლად იმუშავებენ და წყლის მიწოდება ხვალ გამთენიისას აღდგება. რაც შეეხება ზარალს, GWP-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ზუსტი ოდენობის დათვლა და ისინი მას სრულად აანაზღაურებენ.