როგორ ვაიძულოთ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა

2019-01-31 18:26:44
432

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქარველოს 1 500 მოქალაქისთვის არამატერიალური ზიანის მიყენების გამო კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევის შესაბამისად, დაზარალებულად ცნობილ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეცეს. ხოლო პირველი პარაგრაფის მე-5 მუხლის დარღვევისთვის, თითოელ მოქალაქეს 10 000–დან, 15 000–მდე ევროს ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის.  საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით მასობრივ დეპორტაციას, დევნასა და შევიწროებას.

რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი დევნა შეეხო ათასობით ადამიანს. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილი იყო 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა. ქართული მხარე რუსულს ევროკონვენციის მთელი რიგი მუხლების დარღვევას ედავებოდა:

  • მე-3 მუხლიდ (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა)
  • მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება)
  • მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება)
  • მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა)
  • მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები)
  • 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლის (საკუთრების დაცვა)
  • მე-2 მუხლის (განათლების უფლება)
  • მე-4 ოქმის მე-4 მუხლის (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა)
  • მე-7 დამატებითი ოქმის 1 მუხლის (უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული გარანტიები). 

რუსეთი ევროკონვენციის რიგი მუხლების დამრღვევად ჯერ კიდევ 2014 წელს იქნა ცნობილი, მათ შორის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლის და ევროკონვენციის მესამე და მეხუთე მუხლების, თუმცა მაშინ კომპენსაციის ოდენობა არ განსაზღვრულა – მხარეებს მოსალაპარაკებლად დრო მიეცათ. 2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთისგან 73,50 მილიონ ევროს ითხოვდა. საბოლოოდ კი რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

დღეს დავინახეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, მაშინაც კი, როდესაც დიდ და გავლენიან სახელმწიფოს უპირისპირდები - და ევროპული სასამართლო არის ეს ადგილი!“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ქართველების მასობრივი დეპორტაცია სატვირთო თვითმფრინავით    


„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება 46–წ მუხლის თანახმად  ყველა სახელმწიფოს აქვს, ამიტომ, რუსეთისთვის ვალდებულება უკვე დღეს არის ჩართული და მას მიცემული აქვს 3 თვე, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას აქვს 18 თვე იმის განსასაზრვრად, როგორ გადაანაწილოს თანხა“,– ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

ამდენად, გადაწყვეტილება მიღებულია, ხოლო შემდეგი ეტაპია , პასუხსიმგებლობით მოეკიდება თუ არა რუსეთი მას.

„ეს არც მის არჩევანზე, არც კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული. დღეს სასამართლო გადაწყვეტილება ძალაშია შესული და კონვენციის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, ეს თანხა გადაიხადოს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადახდის პროცედურებს გააჭიანურებს, არსებობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი – სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საზედამხედველო ორგანო და მას გააჩნია პოლიტიკური ბერკეტები, რომ რუსეთი აიძულოს, გადაიხადოს კომპენსაცია“,– განუცხადა „აქცენტს“ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ლევან მესხორაძემ.


მისი განმარტებით, პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებია: რუსეთის წინააღმდეგ რიგი გადაწყვეტილებების მიღება, პროცესებში ურჩ სახელმწიფოზე ზეწოლის განხორციელების მიზნით სხვა სახელმწიფოების ჩართვა, შესაძლოა ევროპის საბჭოში დაიბარონ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქვეყანას შეუჩერონ წევრობის უფლება მინისტრთა კომიტეტში და ბოლოს გააძევონ.

„ზეწოლის მექანიზმები არსებობს  და იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ რომელიმე მხარე, ამ შემთხვევაში რუსეთი, არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას“,– დასძენს მესხორაძე.

ევროსასამართლოში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი კომპენსაციის გადახდის ნაწილში პესიმისტურად არ არის განწყობილი:  

„რუსეთი შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილებების აღსრულებას აჭიანურებს, მაგრამ კომპენსაციის გადახდის კუთხით რაღაც განსაკუთრებული პრობლემები არ აქვს. ისიც გასაგებია, რომ ეს არ არის ინდივიდუალური საჩივარი და მისთვის საკმაოდ მტკივნეული საქმეა, მაგრამ ამ საქმეში რუსეთს სხვა საქმეებისგან განსხვავებით ინტერპრეტაციის ან სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობა არ აქვს. ეს ამ შემთხვევაში კომპენსაციას ეხება“.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფოთაშორისი სარჩელის ცენტრალურ ნაწილს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალებას ეხება [მასობრივი დეპორტაციის დროს 3 ქართველი დაიღუპა], ამასთან ღირსებისშემლახველ, დამამცირებელ მოპყრობას და კოლექტიურ გაძევებას, ამის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2014 წლიდან არის ძალაში – რუსეთს ფაქტების სათანადო გამოძიება დაევალა. ამ დროისთვის  მინისტრთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგი მიდის, თუმცა რამდენადაც სადღეისოდ არის ცნობილი, ჯერ–ჯერობით ხელშესახები შედეგები არ გვაქვს. თავად რუსეთი კი სარჩელის განხილვის პირველივე დღიდან უარყოფს მსგავსი ფაქტების არსებობას, მათ შორის, მოქალაქეების გარდაცვალების. 

ამავე თემაზე:

რუსეთი ქართველების მასობრივი დეპორტაციისას დაღუპულის ოჯახს მოურიგდა