დაუშვებს თუ არა თბილისი ტვირთებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

2019-01-31 17:26:51
469

დიდი ხანია, სომხეთი რუსეთიდან მისკენ მიმავალი ტვირთების გადასაზიდად ზემო ლარსის (რუსეთ–საქართველოს სახელმწიფო საზღვარი) ალტერნატივას ეძებს. სომხური მედია ამ თემაზე აქტიურად მუშაობს. ამ კონტექსტში მიმდინარეობს ე.წ. აფხაზეთის რკინიგზისა და «ტრანსკამის» მარშრუტების ლობირება. სხვადასხვა დროს სომხურ მხარეს თემა ქართულთანაც განუხილავს. კულუარებში ისიც ითქვა, თითქოს მმართველი გუნდის ხელმძღვანელი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის წინააღმდეგი არ იყო. თუმცა საკითხი დღემდე ღიად რჩება. ცოტა ხნის წინ სომხეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველმა მოადგილემ აკოპ არშაკიანმა განაცხადა, რომ “სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები მიმდინარეობს». ამასთან, კონკრეტული მიმართულება მას არ დაუსახელებია. უფრო დეტალური გამოდგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის გუშინდელი განცხადება: მოსკოვი სომხეთისკენ ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიულ მარშრუტებს საქართველოსთან “საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ” 2011 ლს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განიხილავსო. ამასთან, აფხაზეთი კარასინს აღარუხსენებია, ახსენა მხოლოდ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი და აქაც სომეხ ჟურნალისტებს ურჩია, “საკითხის სირთულე გაითვალისწინონ, რადგან რეგიონს თავისი პრობლემები აქვს, მაგალითად, კვლავ ღიად რჩება სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხიო”. მანამდე ერთი დღით ადრე, 29 იანვარს კი გერმანულმა გამოცემამ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მან განაცხადა, მათ შორის, რომ სამხრეთოსეთის გეოსტრატეგიული მდებარეობა პერსპექტიული ევრაზიული სატრანსპორტო პროექტების რეალიზების შესაძლებლობას ხსნის”.

ხსენებული 2011 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსულ და ქართულ მხარეებს შუამავალი ქვეყნის – შვეიცარიის კომპანია SGS-სთან კონტრაქტებიც გაფორმებული აქვს, თუმცა ისინი ამ დრომდე კონფიდენციალური რჩება. შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფიც, თუმცა მის მიერ განსახილველი საკითხები ჯერ არ კონკრეტდება. შესაბამისად, რაზეა კონკრეტულად საუბარი, რა პერსპექტივები აქვს 2011 წლის შეთანხმების რეალიზებას, რას უნდა ველოდეთ ამ მხრივ ოკუპირებული რეგიონების სტატუსთან თუ სხვა სადავო თემებთან დაკავშირებით, ამ დრომდე გაუგებარია.

როგორც „აქცენტთან“ საუბრისას საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, თავად 2011 წლის შეთანხმება სატრანზიტო დერეფნების გახსნას არ ითვალისწინებს და ეს მხოლოდ მხარეთა შეთანხმების საგანია:

2011 წლის ხელშეკრულება ეხება ტვირთების მონიტორინგს და არ გულისხმობს დერეფნების ავტომატურად გახსნას: თუ დერეფანში ტვირთი გაივლის, მის მონიტორინგს მომავალში შვეიცარიული კომპანია მოახდენს, თავად დერეფნის გახსნა–არგახსნა მხარეების, ანუ საქართველოსა და რუსეთის პრეროგატივაა“.

ამ შეთანხმების ირგვლივ დეტალური საუბრისგან აბაშიძე ამ ეტაპზე თავს იკავებს, დასძენს მხოლოდ, რომ ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი და ამ მიმართულებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომლის პირველი შეხვედრა უახლოეს ხანებშია დაგეგმილი, კერძოდ, 8-9 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ნებისმიერ ეკონომიკურ პროცესში ჩართვა საქართველოს ცალსახად წამგებიან პოზიციაში აყენებს:

არის მოსაზრება, თითქოს ცხინვალის ეკონომიკური დეზოლაცია ქარველ და ოს ხალხებს შორის ნდობის აღდგენაში დაგვეხმარება და ა.შ. თუმცა როდესაც კონფლიქტებზე ვსაუბრობთ, ძალიან მარტივი რამ უნდა გავიგოთ: ორივე – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, შესაბამისად, იქ მმართველობა და ეფექტური კონტროლი მოსკოვის მიერ ხორციელდება და რა დათმობებზეც არ უნდა წავიდეთ, ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური დღის წესრიგი ვერ შეიცვლება, თუ არ იქნება მოსკოვი პოლიტიკური ნება, არ შესუსტდება რუსული პოლიტიკური რეჟიმი. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ პოლიტიკურ დონეზე აფხაზები და ოსები წყვეტენ რამეს იმ პირობებში, როდესაც ორივე ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელი რუსეთის მოქალაქეა, პოლიტიკურ ელიტას იქ რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ და ისინიც ირჩევენ რუსეთის პრეზიდენტს“.

გობრონიძის ხედვით, ეკონომიკური დეიზოლაცია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს საკუთარ რეგიონულ მნიშვნელობაზე საუბრის შესალებლობას მისცემს:

ოსები დაიწყებენ საუბარს თავის პოლიტიკურ წარმატებაზე, იმაზე, რომ ცხინვალმა სატრანზიტო მნიშვნელობა შეიძინა, ე.წ. რესპუბლიკა გახდა რეგიონული მნიშვნელობის მატარებელი და ა.შ. შეიძლება, ოსური ეკონომიკა გაიზარდოს, რადგან, ბუნებრივია, ოსები მოითხოვენ საბაჟო კონტროლს. ამდენად, ისინი ცალსახად მოგებულ პოზიციაში აღმოჩნდებიან, – „მართალია, საქართველო ცხინვალს დამოუკიდებელ რესპუბლიკად არ აღიარებს, მაგრამ აი, რამდენად დიდია ცხინვალის რეგიონის მნიშვნელობა, რომ დასთანხმდა საერთაშორისო ტვირთების გატარებასო“. ჩვენ კი ეს არაფერში გვჭირდება“.

გარდა ამისა, გობრონიძის აზრით, კონფლიქტების მოგვარების მიმართ ოფიციალური თბილისის მიერ არჩეული კურსის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ტვირთების გადაადგილება სწორი არ იქნება, ან თბილისმა უნდა განაცხადოს, რომ ამ ტერიტორიების მიმართ მიდგომას ცვლის:

თუ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მიხედვით, რუსეთის მხრიდან ცხინვალსა და აფხაზეთში მოქალაქეების შესვლა არ შეიძლება, მაშინ ტვირთების გადაზიდვებსა და საერთაშორისო ტრანზიტზე ვიღაც-ვიღაცეებისთვის ექსკლუზივები რატომ უნდა არსებობდეს?! არსებობს საქართველოს ურღვევი საზღვრები და ამ საზრვრების ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო რეჟიმი დაცული უნდა იყოს ნებისმიერისთვის. უნდათ ცხინვალზე ტვირთის გატარება? - მაშინ როკის გვირაბთან ქართული საბაჟო შეამოწმებს. სხვა ვარიანტი სახელმწიფოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს. ხოლო თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვამბობთ უარს, მაშინ ეს ვთქვათ და ამის შემდეგ ვისაუბროთ ტვრთების გატარებზეც და შესაძლოა, ამ რეგიონების აღიარებაზეც. მაგრამ თუ ვამბობთ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა, არ გვჭირდება აფხაზური, ოსური, რუსული და შვეიცარიული ეკონომიკური რეჟიმები. გვაქვს ჩვენი ეკონომიკური რეჟიმი და ტვირთებმა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით უნდა იმოძრაონ, ყოველგვარი დათქმების გარეშე. ეს არის აუცილებელი პირობა და ეს ძალიან კარგად უნდა გაიგონ სომხეთშიც“.

გობრონიძე ქართული საგზაო ინფრასტრუქტურის სუსტ მხარეზეც ამახვილებს ყურადღებას:

ძალიან მაინტერესებს, ამისთანა რა ტვირთბრუნვაა სომხეთსა და რუსეთს შორის, რომ ბათუმის და ფოთის პორტები, პლიუს ლარსის გამშვები პუნქტი ვერ აუდის?! ჩვენი ცუდიც უნდა ითქვას, მიხედონ საგზაო ინფრასტრუქტურას! პრობლემა იმაშია, რომ ავტომაგისტრალი ძალიან ვიწრო. სჯობს, საქართველოს ე.წ. სამხედრო გზა გაფართოვდეს, გაიზარდოს, დაიხარჯოს ცოტა მეტი ფული და სამთო ინფრასტრუქტურა ისე მოეწყოს, რომ არ იყოს მუდმივ ზვავსაშიშროება, რადგან ჩვენზე უარეს რელიეფში უფრო სერიოზული ინფრასტრუქტურა აქვთ მოწყობილი და ჩვენ რა პრობლემა გვაქვს?“.

რაც შეეხება რუსეთპოზიციასა და ინტერესს, გობრონიძის შეფასებით, მოსკოვი ცდილობს, 2011 წლის ხელშეკრულებით ისპეკულიროს ისევე, „როგორც სხვა ყველა საერთაშორისო ვალდებულებით, რაც კი საქართველოსთან მიმართებაში აუღია“.