მაიკლ კარპენტერი: „აშშ ანაკლიის პორტის მშენებლობით დიდად არის დაინტერესებული“

2019-01-31 15:16:55
863

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე, ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი მიიჩნევს, რომ  „აშშ ანაკლიის პორტის მშენებლობით  დიდად არის დაინტერესებული”.   

"აქცენტის" კითხვაზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ 10 წლის წინანდელ საქმეზე დაწყებული გამოძიება ხომ არ იქონიებს გავლენას აღნიშნული პორტის მშენებლობაზე, კარპენტერმა განაცხადა:

„თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით არ ვარ დეტალებში ჩახედული. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დიდად არის დაინტერესებული“, – განუცხადა "აქცენტს" ექსპერტმა.

ამერიკელი ექსპერტი ფიქრობს, რომ „რუსეთს ურჩევნია, ეს პროექტი არ განხორციელდეს“.

რაც შეეხება ამერიკული კომპანიის ჩართულობას ქართულ პროექტებში ბაიდენის ცენტრის დირექტორი აღნიშნულს მნიშვნელოვანს უწოდებს და ამ კუთხით სამ მიზეზს ასახელებს.

„პირველ რიგში, ამერიკული კომპანიის ჩართულობა ქართულ პროექტებში გვიჩვენებს, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც დასავლეთის კომპანიებს შეუძლიათ, ბიზნესი აწარმოონ. მეორე, ეს გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. მესამე, იმედია, რომ ეს ბიძგს მისცემს სხვა ამერიკულ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც ხელს უწყობს დასავლეთის კორპორაციული მართვისა და სხვა საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას საქართველოში“, – განუცხადა „აქცენტს“ ექსპერტმა.

მისივე თქმით, საქართველოში ამერიკელი ინვესტორების აქტივობები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც მნიშვნელოვანია.

„არაფერი ისე არ უწყობს ხელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებას, ვიდრე ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში აშშ–ის კომპანიებმა თავისი საქმიანობა წარმატებით განახორციელეს. ამერიკულ და ევროპული კომპანიებთან თანამშრომლობისას, ხშირ შემთხვევაში,  არის უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია, ადგილობრივთა დასაქმების კუთხით უფრო მეტი პერსპექტივა და კორუფციული პრაქტიკის ნაკლები რისკი“, – განაცხადა ექსპერტმა.