გერმანიაში საქართველოს საელჩო გამოცემა “Neues Deutschland”-ის მიერ მედოევის ინტერვიუს გამოქვეყნებას ეხმიანება

2019-01-30 20:22:17
451

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს განცხადებით, გერმანული გამოცემა “Neues Deutschland”, რომელმაც 29 იანვარს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევის ინტერვიუ გამოაქვეყნა, აშკარად მემარცხენე-რადიკალურ მიდრეკილების მქონე დაბალტირაჟიანი გაზეთია, რომელიც ძირითადად რუსეთის აგრესიულ ქმედებებ და პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების მიმართ ჰეგემონურ დამოკიდებულების გამამართლებელი მოსაზრებების ტირაჟირებას ახდენს.

 

მედოევის ინტერვიუდან ამონარიდების ქართული თარგმანი იხ. http://www.accentnews.ge/ge/news/details/66415, 

http://www.accentnews.ge/ge/news/details/66411, 

http://www.accentnews.ge/ge/news/details/66407

გერმანულ გამოცემა „ნოიეს დოიჩლანდში” ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, დიმიტრი მედოევის ინტერვიუს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საელჩოს კომუნიკაცია ჰქონდა აღნიშულ გამოცემასთან. მას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი დავიდ ნოაკი (David X. Noack) მასალებს აქვეყნებს ძირითადად მემარცხენე ორიენტაციის გამოცემებში, ხოლო 2012 წლიდან არის ორგანიზაცია „რუსეთის ხალხების ბერლინელი მეგობრები“ წევრი და აქტიური მხარდამჭერი.

რაც შეეხება თავად გამოცემას, „ნოიეს დოიჩლანდი“ (Neues Deutschland) გახლავთ დაბალტირაჟიანი მედიასაშუალება. ის სხვადასხვა უწყებების მიერ (Bundeszentrale für politische Bildung, Bundesamt für Verfassungsschutz) მიჩნეულია გამოცემად, რომელიც აშკარად ავლენს მემარცხენე-რადიკალურ მიდრეკილებას. გაზეთის სტატიები გამოირჩევა რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით. მათში ძირითადად გაჟღერებულია ისეთი მოსაზრებანი, რომლებიც ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და ჰეგემონურ დამოკიდებულებას პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების მიმართ” - ნათქვამია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.