“საზღვარი კლიტეზე”: ოსი ჟურნალისტების თვალით დანახული ახალგორი და რეალობა

2019-01-30 17:13:27
264

როგორ ცხოვრობს ახალგორის ოკუპირებული რაიონი დანარჩენ საქართველოსთან დახურული დე ფაქტო საზღვრის პირობებში, რა პრობლემებს აწყდება მოსახლეობა და როგორ რეაგირებს ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლება? - ამის გარკვევას ოსი ჟურნალისტები პრეს-ტურის ფარგლებში შეეცადნენ. შედეგად მომზადდა რეპორტაჟი “ვარდისფერ ფერებში”. მოგვიანებით მას სოციალურ ქსელში ახალგორელები გამოეხმაურნენ.

თუმცა ჯერ – თავად რეპორტაჟი, რომელიც ოსურმა სააგენტო “რესმა” გამოაქვეყნა. “აქცენტი” ამ მასალიდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

“… სანამ ვგეგმავდით, როგორ ავაგებდით ჩვენს რეპორტაჟს, ადგილობრივ მაღაზიაში “კამაზიდან” ფქვილის ტომრებს ტვირთავდნენ.



"პირდაპირი მოწოდებები გვაქვს სტავროპოლიდან – ყველა ხარისხის ფქვილია, რუხი პურისთვისაც კი… მოწოდებაში შეფერხებები პრაქტიკულად არ გვაქვს" – გვიამბო მაღაზიის მეპატრონემ.

ახალი რუსული სკოლა ლენინგორში [ახალგორში – “აქცენტის ”რედ.]
 
პირველ რიგში, რუსულ სკოლას ვეწვიეთ, დავესწარით გაკვეთილებს. აქ კომფორტულ კლასებში მთელი დაბიდან 60 ბავშვი სწავლობს, დადიან ასევე რუსი მესაზღვრეების შვილები.


 
პირველ კლასში მათემატიკის გაკვეთილი მიმდინარეობს. 6 პირველკლასელია – ერთი გოგო და ხუთი ბიჭი.არსენი რუსი მესაღვრის ოჯახიდანაა, კლასში, როგორც ჩანს, ლიდერობს: ჟურნალისტებს თვალს უკრავს - თითქოს ანიშნებს, ვინაა კლასში მთავარი.



ამასობაში თანამედროვე ინტერაქტიურ დაფაზე, რომლის მსგავსიც დედაქალაქის ზოგიერთ კლასშიც კი არ აქვთ, ექვსი გემია განთავსებული – ისინი ნაპირთან უნდა მიიყვანონ. ზაირა მასწავლებელი, როგორც კაპიტანი, თავის შეგირდებს ასწავლის, როგორ მიაღწიონ მიზანს.
 
სკოლა მასწავლებლების გარეშე
 
ასეთი რამ დაბა ლენინგორის [ახალგორის - “აქცენტის” რედ.] ქართულ სკოლაში შეიძლება, ნახო. სასწავლო პროცესი აქ დარღვეულია, რადგან საზღვრის ჩაკეტვის გამო 11 პედაგოგი სამსახურში არ ცხადდება. და ეს უკვე თითქმის ერთი თვეა, გრძელდება. თუ რუსულ სკოლაში ყველა გაკვეთილი დადგენილი განრიგით ტარდება, აქ მასწავლებლების უმრავლესობა მეზობელ სახელმწიფოში დარჩა. და აქ, ალბათ, წესრიგის დამყარების დრო დადგა! 10 წელი გავიდა, ეს მოქალაქეები კი ჯერაც ვერ ჩამოყალიბდნენ, რომელ სახელმწიფოში აპირებენ მუდმივ საფუძველზე ცხოვრების გაგრძელებას, მუშაობას, შვილების გაზრდას.


 
დაბაში კომუნიკაციების შეცვლა ერთი დღის პრობლემა არაა
 
კომუნიკაციები დაბაში ძირითადში უკვე გამოიცვალა, რჩება გზების მოასფალტება. თუმცა ადგილობრივ ჩინოსნებს შესრულებული სამუშაოების ხარისხი აღელვებთ.
 
რაიონის თავკაცი ვლადიმირ გულიევი პირობას დებს, რომ გამოგაზაფხულებისთანავე ეს საკითხი გადაწყდება.
 
საზღვარი კლიტეზე
 
რაიონულ ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს უკმაყოფილო მოქალაქეების ჯგუფი დახვდათ. რაიონის თავკაც ვლადიმირ გულიევთან მისულები ცდილობდნენ, მედიის წარმომადგენლები საზღვრის გახსნის აუცილებლობაში დაერწმუნებინათ საქართველოში სამედიცინო დახმარების მიღების (ახალგორში მას ვერ ვიღებთო), მოსწავლეებისა და სტუდენტების სასწავლებლად გასვლის საჭიროების, ნათესავების მონახულების მოტივით.

ვლადიმირ გულიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა თავად მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ შესრულდება.

"საზღვარი H1N1-ის გავრცელების გამოა ჩაკეტილი, რომელსაც უკვე ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ეს ვირუსი სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის. ამიტომაც სანამ იქით მდგომარეობა არ შეიცვლება, საზღვარს ვერ გავხსნით", - აღნიშნა მან.

ამასთან, გულიევის განცხადებით, ყველა პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს საზღვრის დროებითი ჩაკეტვის გამო ექმნებათ, წყდება.

საუბრის მსვლელობისას გაირკვა, რომ გაჟღერებული პრობლემების მასშტაბები გაზვიადებული იყო, ბევრი არგუმენტი კი სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამებოდა. ასეთია, მაგალითად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივ საავადმყოფოში არ არის აუცილებელი მედიკამენტები, მაღაზიებში – პროდუქტი და ა.შ.

როგორც შეხვედრაზე მიწვეულმა ახალგორის საავადმყოფოს მთავარმა ექიმაა ზურაბ გობოზოვმა განაცხადა, მის კლინიკაში ყველა აუცილებელი მედიკამენტია.

"მიუხედავად იმისა, რომ რიგი ექიმები და სამედიცინო პერსონალი (24 კაცი) საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, ჩვენს მუშაობაზე ეს არ ასახულა, გვაქვს ყველა აუცილებელი პრეპარატი, აღჭურვილობა და სპეციალისტები მაცხოვრებლების სრულფასოვანი მომსახურებისთვის. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეგვიძლია, ავადმყოფი ცხინვალში გავამგზავროთ", - აღნიშნა მან.

აქვე გაირკვა, რომ ბევრ ავადმყოფს, რომელიც საქართველოში გადასვლისკენ იღწვის ვითომდა მედიკამენტების შესაძენად და სამედიცინო დახმარების ცალკეული სახეობების მისაღებად, ადგილობრივი საავადმყოფოსთვის საერთოდ არასოდეს მიუმართავს.
მთავარმა ექიმმა ისიც აღნიშნა, რომ კლინიკისადმი მიმართვის შემთხვევაში ადგილობრივებს აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ და საჭირო პრეპარატებს ან მათ ანალოგებს მისცემენ.


სხვათა შორის, მისი ამ სიტყვების სიმართლეში ჟურნალისტები მოგვიანებით თავადაც დარწმუნდნენ, როცა საავადმყოფო მოინახულეს, ავადმყოფებს გაესაუბრნენ და მედიკამენტების არსებობის საკითხი შეამოწმეს.

ადგილობრივი მაღაზიების შემოწმებამ ასევე გააქარწყლა ზოგიერთი ადგილობრივის მტკიცება პროდუქტების არარსებობის თაობაზე. ვერ ვიტყვით, რომ დახლები გადაჭედილია, თუმცა სახეზეა საკმაოდ ფართო ასორტიმენტი, რომელიც რაიონში ცხინვალიდან შეაქვთ.


 
საბაჟო პუნქტი “რაზდახანი” 
 
გამტარი პუნქტი აღჭურვილია დაცვისა და კონტროლის თანამედროვე საშუალებებით. საზღვარი კლიტეზეა ჩაკეტილი. თუმცა მებაჟეები პუნქტს უყურადღებოდ მაინც არ ტოვებენ. წარმოებს მესაზღვრეების სადღეღამისო მორიგეობაც. ჟურნალისტებმა ხელიდან არ გაუშვეს აქ ფოტოებისა და “სელფის” გადაღების შესაძლებლობა. როგორც თვითმხილველებმა გვიამბეს, მსგავს შესაძლებლობას ხელიდან არც საზღვრის მეორე მხარეს მყოფნი უშვებენ, ოღონდ სულ სხვა მიზნით.

"ეუთო-ს წარმომადგენლები დღეში ორჯერ მოდიან საზღვართან და ფოტო-გადაღებას აწარმოებენ… მათზე უკვე აღარავინ რეაგირებს, რადგან ეს რეგულარულად ხდება", - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
გამტარ პუნქტ “რაზდახანის” [ოსური სახელწოდება] სტენდზე გამოკრულია დეტალური ინსტრუქცია “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებულად კვეთის ორგანიზების შესახებ", რომელსაც თან ერთვის გადასატანად დაშვებული და აკრძალული პროდუქტის სახეობების ჩამონათვალი. ერთი სიტყვით, ყველაფერი წესრიგშია”.

რჩევა ოს ჟურნალისტებს

რეპორტაჟს სოციალური ქსელის მეშვეობით ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გამოეხმაურა. მან ოს ჟურნალისტებს რჩევით მიმართა:

“ჩემი რჩევაა, შეიაროთ რესპუბლიკურ სომატურ საავადმყოფოში და მოითხოვოთ სტატისტიკა: რა დაავადებებით გადაჰყავს სასწრაფო დახმარებას პაციენტები ახალგორიდან ცხინვალში… ხოლო ის, რომ აქ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ აღარ იყო აუცილებელი მედიკამენტები, მე შემიძლია, დაგიდასტუროთ. მომიწია ცხინვალში წასვლა და აფთიაქებში რამდენიმე ათასი რუბლის დატოვება. სხვათა შორის, რაიონული სავადმყოფო ვალდებული იყო, დიაბეტით დაავადებულები ამ პრეპარატებით უფასოდ უზრუნველეყო... და კიდევ... «თუ წეროვანში “ჩარჩენილები” უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან, მაშინ ასევე უნდა დაითხოვონ ვლადიკავკაზში “ჩარჩენილებიც” - ძველი სპარსული ანდაზაა” - წერს მეარაყიშვილი.