როგორ ყალიბდებოდა კლანი სასამართლოში: „ობსტრუქციას უწყობდა გამოძიებას“

2019-01-30 14:56:54
794

ოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლო ახალი ხელისუფლების პირობებში ქართული საზოგადოების ერთ–ერთი მთავარი დაკვეთა გახლდათ.  სისტემამ გაიარარეფორმების ტალღები“, დაანონსებულია შემდეგიც, თუმცა გაჩნდა ახალი გამოწვევა – კლანების არსებობა, რასაც მმართველ გუნდში არ იზიარებენ, ხოლო სასამართლოსთან დაკავშირებით წამოყენებული პრეტენზიებისას მმართველი გუნდი ერთ–ერთ მთავარ არგუმენტად გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა მოჰყავთ. ასე მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წელს წელს 3 გამამართლებელი განაჩენი დადგა, 2011 წელს – 25, 2012 წელს – 12, 2013 წელს – 36, 2014 წელს – 72, 2015 წელს – 111, 2016 წელს – 101, 2017 წელს – 123, 2018 წელს –111. როგორც „აქცენტთან“ საუბრისას ყოფილი მოსამართლე, თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი აცხადებს, სტატისტიკა სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების კრიტერიუმი არ არის.

მაია მწარიაშვილი: ცალკე სტატისტიკა ხომ არაფერს ამბობს? უნდა ვიცოდეთ, სტატისტიკის უკან  რეალურად რა დგას – რა კატეგორიის, რა მნიშვნელობის, რა ბრალდების საქმეებია. სტატისტიკა, ხომ მათემატიკაა. აქ პრობლემა სხვა რამეა – კლანის მმართველობა სასამართლოში, შემდეგ ამ კლანის ვიღაცეებთან ანგარიშვალდებულება. სასამართლოზე აზრს ვიქმნით მეტ–ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებიდან. როგორი გადაწყვეტილებები გამოდის ამ მნიშვნელოვან საქმეებზე, სწორედ ეს არის საინტერესო და არა სრულიად უმნიშვნელო საქმეზე, რომელიც შეიძლება, მხოლოდ სტატისტიკის გამო შეგიქმნან, რათა შემდეგ ციფრები განახონ. ეს ციფრები არაფერს ნიშნავს, მთავარია, შიგნით რა ხდება. მითხარით მეტ–ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები, რომლის მიხედვითაც საზოგადოება სასამართლოს დამოუკიდებლობაში დარწმუნდა. მე ასეთი საქმეები არ ვიცი. მეტიც, როდესაც უტყუარად ვარ დარწმუნებული, რომ საქმე კეთილსინდისიერად არის გამოძიებული, როდესაც მას კომპრომეტირებული მოსამართლე იხილავს, მისი გადაწყვეტილების მიმართ ნდობა არღარ არის. გვეუბნებიან, რომ არასაპატიმრო ღონისძიებებმა იმატაო, მე კი ის უფრო მაეჭვებს, როდესაც მოსამართლე ამ ღონისძიებას ისეთ საქმეზე იყენებს, სადაც არ უნდა გამოეყენებინა. ანუ, თუ ადრე ჩვენი პრობლემა ის გახლდათ, რომ პროკურატურის დიქტატის ქვეშ იმყოფებოდა სასამართლო, ახლა პროკურატურა ჩაანაცვლა კლანმა – კლანს რაც მოეპრიანება, იმას აკეთებს მთელი სასამართლო, ამიტომ სტატისტიკაც სერვისის ნაწილია, მას აუდიტორიის მოსატყუებლად გვაჩვენებენ. მაშინ სხვა პატრონი ჰყავდა სასამართლოს, ახლა სხვა პატრონი ჰყავს.

თქვენ პროკურატურაში მუშაობდით და შიგნიდან აკვირდებოდით მოვლენებს. როგორ მოხდა, როგორ დაუშვეს ამ ე.წ. „კლანის“ ჩამოყალიბება?

სასამართლოში არაფერი შეცვლილა: ვინც იყვნენ, იგივე მოსამართლეები არიან, უბრალოდ ახლა უვადოდ, „გასუფთავებულები“ და ა.შ. ცოდვები გზადაგზა ჩამოაწერეს. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობები არის. მაშინ [„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ] სასამართლო სრულიად დესტრუქციულ რეჟიმსი გადავიდა, ობსტრუქციას უწყობდა გამოძიებას და პროკურატურას. გამამართლებელი განაჩენი თავისთავად სასამართლოს დამოუკიდებლობას კი არ ნიშნავს, ის ისეთივე უკანონო შეიძლება, იყოს, როგორც გამამტყუნებელი განაჩენი. ჩემი დაკვირვებით, მაშინ სასამართლო სწორედ ასეთ ობსტრუქციულ რეჟიმში მუშაობდა და სახელმწიფოს ამ თვალსაზრისით პრობლემებს უქმნიდა. მათ ერთგვარი სერვისი შექმნეს – „ჩვენ შეგვიძლია ასეთი მომსახურეობა და ისეთიცო“, ასე ვთქვათ, ამ პროდუქტით ივაჭრეს, ვიღაცეებს მიჰყიდეს. ასე შეიქმნა  კლანი. ამ სერვისის გამწევებად საკუთარი თავი დაასახელეს და ახორციელებენ კიდევაც სერვისს. როგორ წარმოგიდგენიათ, თავის დროზე ზურაბ ადეიშვილი [იუსტიციის ყოფილი მინისტრი] კარდაკარ დარბოდა და მოსამართლეებს ურეკავდა? ცხადია, არა. ასე სასამართლო არასოდეს იმართება. ვერტიკალი იყო აგებული – ადეიშვილის მარჯვენა ხელი – ჩინჩალაძე იჯდა და ახორციელებდა მართვას: ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მისი დაქვემდებარებული პირები იყვნენ წარმოდგენილნი. იგივე ხდება ახლაც. ადმინისტრაციულ მმართველობას მთლიანად ეს კლანი წყვეტს, ვერტიკალი როგორიც იყო, ზუსტად ისეთივეა – სასამართლოს თავმჯდომარეები, პალატების, კოლეგიების თავმჯდომარეები და თავში – ჩინჩალაძე. სერვისის გაწევით ისინი ყველა ხელისუფლებისგან ინდულგენციებს ღებულობენ. თუ მიაქცევთ ყურადღებას, მათთან კონკრეტული პრეტენზიები არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობაც“ არ დადის კონკრეტიკამდე, რადგან არ აწყობთ, ერთ ნავში სხედან. ამდენად, წინა და ახალი ხელისუფლების პირობებში კლანს თავი ქუდში აქვს და სერვისიც ასე შეიქმნა. საბოლოოდ წარმოუდგენელი, ჩაკეტილი სისტემა მივიღეთ – იუსტიციის საბჭო ვადიან თუ უვანო მოსამართლეს, ბიძაშვილ–მამიდაშვილებს, ოჯახის წევრებს, საკუთარ თავს და სხვადასც თავად ნიშნავს და საერთოდაც, სულ თავად არიან. მითხარით, საღად მოაზროვნე ადამიანმა როგორ შეიძლება, აქ ინტერესთა კონფლიქტი ვერ დაინახოს.

როდესაც იუსტიციის საბჭო მსგავსი უფლებამოსილებებით იღჭურვებოდა, იყო დებარები და მაშინ არგუმენტად, დამოუკიდებლობის გარანტიები დასახელდა. მანამდე კი რიგი მოსამართლეებისა, მათ შორის ლევან მურუსიძე იმჟამინდელმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სისტემის მსხვერპლად მოიხსენია. როგორ ფიქრობთ, ერთგვარი გარიგების, თუ პოლიტიკური შეთანხმების პროცესი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო?

დიახ. ცხადია, ეს ეტაპობრივად განხორციელდა და მოვედით აქამდე. თურმე მურუსიძე მსხვერპლია, მაშინ დაზარალებული, ან ჯალათი ვინ არის? ეს იდეოლოგია საბოლოოდ დაგვირგვინდა იმ სანახაობით, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ – კლანი ყველაფერს თავად აკეთებს.

პოლიტიკურ დიაკუსიაში არიან პარლამენტთან...

პოლიტიკურ ტრიბუნებთან დგომა და მოწოდება საზოგადოებისადმი, მოდით, დებატებში დაგვიჯექით, გონს მოეგეთ, მავნებლებო... მოსამართლეებს მანტია დაავიწყდათ. სასამართლო ხელისუფლება ძალიან დიდი ხელისუფლებაა. ეს არ არის კოლექტიური ორგანო, დოღი. ის უნდა იდგეს თითოეული მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. მოსამართლის ძალაუფლება მხოლოდ მის გადაწყვეტილებაშია, რადგან მართლმსაჯულება საქმის განხილვის პროცესში ხორციელდება. ხოლო რაც მის მიღმაა – იუსტიციის საბჭო, მენეჯმენტი, ეს არ არის მართლმსაჯულება.

თქვენ გაგაღიზიანათ იუსტიციის მოსამართლე წევრების განცხადებებმა, რომ წინა ხელისუფლების დროს მათზე არ ხორციელდებოდა ზეწოლა. ერთ–ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, მოსამართლეობის დროს ჩემზე იყო ზეწოლაო. შეგიძლიათ, ამის შესახებ გვიამბობთ?

ცხადია, ჩვენ მუდმივი ზეწოლის რეჯიმში ვიყავით და ვისზეც ეს ზეწოლა არ ხერხდებოდა, ისინი სისტემიდან დაგვითხოვეს. ზეწოლის რეჟიმში ყველა მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით ვიყავით. ყველა გადაწყვეტილების ბოლოს რევიზორი გვეჯდა პროკურატურიდან სასამართლოში. გადაწყვეტილება მიღებული არ გვქონდა, რომ უკვე ახსენებდნენ. ცოტა ხანი დაკვირვების რეჟიმში გვაცადეს მოსამართლეობა და ვინც თამაშის წესები არ მიიღო, მთლიანად დაითხოვეს სისტემიდან. დატოვეს ისინი, ვისთანაც კომფორტი ჰქონდათ.

ანუ თქვენი დაკვირვებით, პროცესები იგივე გზით მიდის, უბრალოდ ახლა კონკრეტული ჯგუფები გაძლიერდნენ სასამართლოში და თამაშის წესებს თავად ჰკარნახობენ?

დიახ. თუ ჩინჩალაძე [უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე] მაშინ იყო გამტარი, ანუ ადეიშვილს ახმოვანებდა, ამჟამად მისი პოზიციები გაცილებით ძლიერია – ახლა ისინი საკუთარ თავსაც ახმოვანებენ და ამ სერვისს უწევენ დანარჩენ ხელისუფლებას, ცხადია, მუქთად არა. მგონია, რომ აქ ურთიერთგაცვლის პრინციპი მუშაობს. ასეა, ხელისუფლება ჩაიკეტა და დარჩა ბოლო წერტილი – უზენაესი სასამართლო. დღეს მოსამართლეს პასუხისგებაშიც ვერ მისცემ. ისევ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოგცეს თანხმობა და როგორ მოგცემს თანხმობას, რომელიმე მათგანი რომ მისცე პასუხისგებაში, ეს ხომ ცხადია არა? ასეთი ჩაკეტილი სისტემის არსებობა წარმოუდგენელია.

გამოსავალს როგორ გესახებათ?

ძალიან რთულად და ეს საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ვერ მოხდება. იმ ვითარებაში, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საერთოდ, სასამართლო ხელისუფლება ასეთი მივიღეთ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთნაირად ცოდავენ  – მიღებული რეფორმებით, საკანონმდებლო ინიციატივებით მათვე შექმნეს პირობები და არა მე, ან თქვენ. ამიტომ, ისევ მათ უნდა შექმნან პირობები და ამას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. სასამართლოში მმართველობის ამგვარი ფორმა უნდა დაირღვეს.  ამასთან, აბსოლუტურად ვიზიარებ პათოსს, რომ ეს იუსტიციის საბჭო უნდა წავიდეს. მათ მორალური რესურსი საერთოდ აღარ დარჩათ. საზოგადოების მოთხოვნაა, რომ ეს იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავის დროზე მსგვასი ცვლილებების განხორციელებისას არგუმენტი მოსამართლეებსთვის დამოუკიდებლობის გარანტიების მიცემა იყო. თქვენს მიერ ნახსენები ცვლილებები როგორ უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ გახდეს სპეკულაციების საფუძველი?

ამ ცვლილებებმა მთელი სასამართლო კორპუსი ჩააგდო კლანის ბატონობის ხელში. მათი [მოსამართლეების] სულები ამათ [კლანის] ხელშია და სასამართლოში ჯანყს შიგნიდან ვინ ელის? ამიტომ, ეს რამდენად ემსახურებოდა ერთი მოსამართლის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას, სადაო თემაა. მე თუ მკითხავთ, საერთოდაც არ ემსახურებოდა.

კანონში ცვლილებების გზით შესაძლებელია, საბჭოს სრულიად სხვა კონფიგურაცია მივიღოთ. ვიმეორებ, საბჭო არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, ჩვენ კი მართლმსჯაულების განხორციელების პროცესში ვერ ჩავერევით. პარლამენტს შეუძლია, მისივე დანიშნული წევრები, მე თუ მკითხავთ, უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულებისთვის გამოიწვიოს. მურუსიძე ვერ დაინიშნებოდა უვადო მოსამართლედ პარლამენტის მიერ არჩეულ ერთ წევრსაც რომ მისცა წინააღმდეგ ხმა. ამიტომ, არც ისეთი შეუძლებელი ამბებია. ესეც ბერკეტია. დანარჩენ მოსამართლე წევრების, საბჭოს მდივნის უფლებამოსილება საკანონმდებლო ინიციატივების დონეზე საფიქრალი საკითხია. ამხელა დებატები მიმდინარეობს სასამართლოსთან დაკავშირებით და იუსტიციის სამინისტროს სადმე ხედავთ? იუსტიციის მინისტრი საერთოდ არ ჩანს. არადა ეს მისი ნამუშევარია, მისი პროდუქტია. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს საკანონმდებლო ხელისუფლებას და არა იუსტიციის საბჭოს. ჩვენთან კი საკანონმდებლო ინიციატივებს იუსტიციის საბჭოს ეკითხებიან. ანუ, იუსტიციის საბჭო ზის და ფიქრობს, რა კრიტერიუმები მოვიგონოთ, რომ თავადვე ადვილად დავაკმაყოფილოთო. რაც თავშივე მცდარია.

ამავე თემაზე: როგორ ფორმირდნენ კლანები სასამართლოში და ვინ არიან წევრები

ავტორი: დიანა მუსელიანი