„თუ ავფეთქდით, არც ყვირილს ექნება ფასი და არც დავიდარაბას“

2019-01-29 14:06:52
201

სამოქალაქო მოძრაობამ „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა.   

"ჩვენ კი არ უნდა ვეუბნებოდეთ, რომ წადი, ნატამალი სინდისი თუ აქვს, „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ მმართველს უკვე უნდა დაეტოვებინა პოსტი“,- განაცხადა სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი აღშფოთებულია იმით, რომ „კომპანია საზოგადოებისთვის არაფრის ახსნას არ ცდილობს 16 იანვარს, დიდ დიღომში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შემდეგ“.

„თუ ავფეთქდით, მერე არც ყვირილს ექნება ფასი და არც დავიდარაბას... მერე ისევ ჩვენს თავს დავიდანაშაულებთ - რატომ უფრო მეტად არ მოვინდომეთ და რატომ უფრო მეტად არ ვეჩხუბეთ ამ ხალხს... არ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ეს აფეთქებები და ტრაგედიები მხოლოდ სტატისტიკად იქცეს... არავინ ვართ დაზღვეულები და ნუ გადაგვადგმევინებენ რადიკალურ ნაბიჯებს “, - განაცხადა ელისაშვილმა საპროტესტო აქციაზე.

აქციაზე ელისაშვილმა ორი მთავარი მოთხოვნა წამოაყენა: „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ გენერალური დირექტორის, მამუკა კობახიძის გადადგომა;  საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომელშიც დარგის სპეციალისტები და საზოგადოებისთვის სანდო ადამიანები უნდა შევიდნენ.

ალეკო ელისაშვილის განმარტებით, საბჭომ უნდა გააკონტროლებს კომპანიის საქმიანობა და მართალია, „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ კერძო კომპანიაა, მაგრამ ის ანგარიშვალდებული უნდა იყოს საზოგადოების წინაშე“

„გვესმის, რომ კერძო კომპანიაა, მაგრამ ეს კერძო კომპანია ჩვენ გვეხება“.

დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.