სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო

2019-01-29 12:37:11
150

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ გაიმართა. I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულმა უფლებამოსილება II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან გადაიბარა.

პირად შემადგენლობას სიტყვით საერთაშორისო მხარდამჭერი ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა, მაიკლ კორსმა მიმართა. მან II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულს მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.

უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის სახელით ვიცე-პოლკოვნიკმა, დავით წიკლაურმა II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს ფასიანი საჩუქრები და მედლები „მტკიცე მხარდაჭერისათვის“ გადასცა.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე ასევე,  ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ადრიან ბოგარტი, აშშ-ის, ხორვატიის, გერმანიის და მონღოლეთის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ.

I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებს. გერმანიის სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.

(R)