მძღოლების ნაწილს 1 მარტამდე მართვის მოწმობის შეცვლა მოუწევს

2019-01-29 11:20:47
1045

2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდება. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე 1 მარტამდე ვერ შეცვლის მართვის მოწმობას, დოკუმენტი ავტომატურად ძალადაკარგულად ჩაითვლება. 

მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი და არსებული მართვის მოწმობები. 

მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში - 35 ლარი. 

„მართვის მოწმობის ეს ცვლილება ეხება იმ კატეგორიის მძღოლებს ვინც მართავენ სატვირთოს, სამგზავრო და მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს, ვინაიდან 2014 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა ცვლილება, რომელმაც განმარტა რა ვადით იყო შესაძლებელი ამ მძღოლებისთვის მართვის უფლება. ეს ვადა თავდაპირველად იყო 2018 წლის 1 სექტემბერი, მაგრამ გამომდინარე დიდი მასიდან მოგვიწია ვადის გადაწევა და საბოლოოდ გადაწყდა 1 მარტი“, - განმარტა შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა „საქმინი დილის“ ეთერში. 

მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 1 მარტამდე ვერ შეცვლიან მართვის მოწმობას, მართვის უფლების აღდგენას შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე. 

ცნობისთვის: საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში 2014 წლის 1 მარტიდან შევიდა, რის შემდეგაც C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის მოწმობები 5 წლიანი ვადით გაიცემა. 

აღნიშნული გარემოება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე.