საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია არ გააჩნია

2019-01-28 18:56:22
635

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის/კომუნიკაციის სტრატეგია არ გააჩნია.

„აქცენტმა“ უწყებიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის/კომუნიკაციის სტრატეგიები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში სტრატეგიებთან გათანაბრებული ან/და სხვა ტიპის სახელმძღვანელო დოკუმენტები, აღნიშნული სტრატეგიების სამოქმედო გეგმა და მისი მთლიანი ბიუჯეტები გამოითხოვა.

სამინისტრომ მიმართვის პასუხად მთავრობის განკარგულება მოგვაწოდა “ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ”.

„აქცენტი“ უწყებას ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდა. როგორც სამინისტროში განმარტეს, ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც უწყებას ამ მიმართულებით გააჩნია, სწორედ მთავრობის ზემოაღნიშნული განკარგულებაა და სხვა დოკუმენტი არ აქვთ.

„აქცენტმა“ კომენტარი “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს” ხელმძღვანელ გიორგი მოლოდინს სთხოვა. მისი განმარტებით, ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017-2020 წ.წ. სტრატეგია საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტად ვერ ჩაითვლება.

„ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და სუვერენიტეტი  დიდწილად დგას საქართველოს სწორ საგარეო პრიორიტეტებსა და ეფექტიან კომუნიკაციაზე საერთაშორისო პარტნიორებთან - სახელმწიფოებთან, ორგანიზაციებთან. ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017-2020 სტრატეგია ვერ ჩაითვლება საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტად. მით უფრო მაშინ, როდესაც უწყებაში ცალ-ცალკე ფუნქციონირებს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სტრუქტურული ერთეულები, არ მგონია, რომ განსაკუთრებული პრობლემა იყოს იმ ტიპის დოკუმენტის შექმნა, რომელიც მოხაზავდა ამ ერთეულების საქმიანობის საშუალო და გრძელვადიანი მოქმედების სტრატეგიებს“ – აცხადებს გიორგი მოლოდინი.  

მისივე თქმით, „ევროკავშირსა და NATO–სთან ურთიერთობის გარდა, განსაკუთრებული ძალისხმევა არის მიმართული ორმხრივ ურთიერთობებზე, რომლებიც მთელ რიგ შემთხვევებში, არ არის გამორიცხული, გავლენას სწორედ ამ გაერთიანებებთან ჩვენს პოლიტიკურ მომავალზე ახდენდნენ“.


„შესაბამისად, მგონია რომ საჭიროა, არსებობდეს კონცეფცია, მინისტრის ხედვა, მინისტრის პრიორიტეტები, - უამრავი რამ შეიძლება, დავარქვათ ამ ტიპის დოკუმენტს, თუ კომუნიკაციის სტრატეგიებს ვერ ან არ ვაკეთებთ, მაგრამ ასეთი დოკუმენტის არსებობა აუცილებელი მგონია. ამ ტიპის დოკუმენტის არსებობა განსაკუთრებით საჭიროამაშინ, როდესაც საკმაოდ უხერხულად იკვეთება ხოლმე სხვადასხვა სამინისტროების ფუნქცია-მოვალეობები - ერთი ხელით აქტიურად ვმუშაობთ არაღიარებაზე და მეორე ხელით გვაქვს პროგრამები „ჩართულობისთვის არაღიარების გარეშე“.  გახსოვთ ალბათ, შოტლანდიაში აფხაზეთის 1992-1993 წ.წ. საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ სეპარატისტთა მემორიალის აღება-არაღების საკითხი“ – განუცხადა „აქცენტს“ გიორგი მოლოდინმა.

 

იმის შესახებ, რომ შოტლანდიის ქალაქ კილმანროკში 90-იან წლებში დაღუპული აფხაზების მემორიალი დგას, საქართველოში მხოლოდ 2017 წლის ბოლოს შევიტყვეთ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ის პირადად მონაწილეობდა შოტლანდიაში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებში, რომელზეც ქართულმა მხარემ კილმანროკში მემორიალის დემონტაჟის საკითხი დააყენა. 

მემორიალის დემონტაჟის გადაწყვეტილებას სოხუმი მწვავე რეაქციით შეხვდა, რაც გასაკვირი არცაა. თუმცა ამ ნაბიჯისთვის საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს სამშვიდობო პროცესებში ჩართულმა ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმაც. 

კრიტიკის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ახალი განცხადებები გააკეთა. მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ მემორიალის დემონტაჟი ქართულ მხარეს არ მოუთხოვია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, კილმანროკში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი კვლავ უნდა განთავსდეს და რომ აუცილებელია, პროცესში ქართველი და აფხაზი სპეციალისტები ჩაერთონ:

"აფხაზეთში 1992-1993 წლის საომარი მოქმედებებისას, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, საუბედუროდ, დაიღუპა ათასობით ადამიანი, ქართველები და აფხაზები. [...] ეს ჩვენი საერთო ტრაგედია და ტკივილია და ყველას ერთნაირად გვტკივა. სწორედ იმისათვის, რომ აღარასდროს დავუშვათ სისხლისღვრა, ომი, დაპირისპირება, რომელიც თანაბრად გვაზარალებს და იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი, ჩვენ უნდა წავიდეთ შერიგების გზით. შერიგება კი, პირველ რიგში, ერთმანეთთან მისასვლელი გზების აღდგენას, ნდობის დაბრუნებას, ურთიერთგაგებას, მათ შორის ერთმანეთის ტკივილის პატივისცემას გულისხმობს. ამიტომ მიმაჩნია, რომ კვლავ უნდა განთავსდეს კილმანროკში მემორიალი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი პირობა აქვს კილმანროკის ადგილობრივი ხელისუფლებისგან. დარწმუნებული ვარ, შესაძელებლია იმ ფორმის მოძებნა, რომელიც ამ საერთო ტკივილს გამოხატავს და რაც ყველა მხარისათვის, რომელიც ტკივილს განიცდის, მისაღები იქნება. ამ საკითხში მზად ვართ ბრიტანულ მხარესთან თანამშრომლობისთვის. მეტიც, მიმაჩნია რომ პროცესში შესაძლებელია ქართველი და აფხაზი სპეციალისტების ჩართვა და თანამშრომლობა".

 

რა უჯდება სახელმწიფოს დეპარტამენტების თანამშრომლების ანაზღაურება

„აქცენტმა“ უწყებიდან ასევე გამოითხოვა ინფორმაცია სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სხვა სტრუქტურული ერთეულების თითოეული თანამშრომლის მიერ აღებული თანამდებობრივი სარგოს, პრემიის, დანამატის შესახებ.

საგარეო პოლიტიკური უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ მიმართულებით მომუშავე ორი – პრესისა და ინფორმაციის 7-კაციანი და კომუნიკაციის 6-კაციანი დეპარტამენტის ჯამურმა სახელფასო ფონდმა 2018 წელს 348 130 ლარი შეადგინა.

 

 

მასალის გამოქვეყნების შემდეგ "აქცენტს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურიდან დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ "მართალია, უწყებას მთავრობის დონეზე დამტკიცებული სტრატეგია არ გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტები არ აქვს". 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, "ამ ეტაპზე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საგარეო პოლიტიკის 2019-2021 წლების სტრატეგიის“ შემუშავება, მასში სტრატეგიული კომუნიკაციები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად არის განსაზღვრული და დოკუმენტში ცალკე ქვეთავი ეთმობა". 

"მთავრობის მიერ სტრატეგიის დამტკიცების შემდგომ იგი გახდება სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტი და ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული საზოგადოებისთვის. დოკუმენტი ასევე გულისხმობს  2019 წლის განმავლობაში სტრატეგიის ფარგლებში გაწერილი ამოცანებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციების სამოქმედო გეგმის შემუშავებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობასთან კომუნიკაციას, არამედ საზღვარგარეთ საქართველოს, როგორც სტაბილური, თანამედროვე, დემოკრატიული და თვითმყოფადი კულტურის მქონე ევროპული ქვეყნის იმიჯის წარმოჩენას. ამ მიზნით სამინისტროში უკვე გაიწერა  ფართომასშტაბიანი თემატური საინფორმაციო კამპანიები 2019 წლისთვის და აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების სამოქმედო გეგმები"  – აცხადებენ სამინისტროში და დასძენენ, რომ  "საზოგადოებასთან ურთიერთობა და სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია".

"ამ მიმართულებით სამინისტრო, სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები  არაერთ საკომუნიკაციო ღონისძიებასა და აქტივობას ახორციელებენ. მაგალითისთვის, 2018 წლის განმავლობაში სამინისტროს კოორდინაციით ქვეყნის შიგნით და გარეთ პირდაპირი კომუნიკაციის ხასიათის 1000-ზე მეტი საინფორმაციო ღონისძიება განხორციელდა" – აცხადებენ საგარეო უწყებაში.