სოხუმის რეჟიმი კარანტინის მოხსნას ჯერ არ აპირებს

2019-01-28 16:39:49
177

ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის, ლიუდმილა სკორიკის განცხადებით, კარანტინის მოხსნაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია.

«გრიპით ავადობის კუთხით საქართველოში ვითარებამ ნორმალიზება დაიწყო, თუმცა კარანტინი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, მოიხსნას, რაც იქ ეპიდემიურ ავადობას მინიმუმამდე დაიყვანენ, როცა დღეში 5-10 ავადმყოფი თუ დარეგისტრირდება. როგორც იცით, იანვრის პირველი კვირის განმავლობაში 100 000 მოქალაქეზე 256 დაავადებული ჰყავდათ და უკვე აღირიცხა 20 ლეტალური შემთხვევა. სწორედ ამან გამოიწვია საზღვარზე შეზღუდვები, რათა ჩვენი მოსახლეობა დაცული ყოფილიყო» - აცხადებს სკორიკი.

რაც შეეხება იმ ზომებს, რომელსაც აფხაზი მედიკოსები ამჟამად დე ფაქტო საზღვარზე იღებენ აფხაზეთში “ღორის გრიპის” შეღწევის აღსაკვეთად, მთავარი სანიტარული ექიმის თქმით, “ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში ბრუნდებიან, გადიან შემოწმებას, უპირველესად - თერმომეტრიას, ხოლო დამატებითი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მათ რენტგენოგრაფიაზე აგზავნიან, ექსპრეს-დიაგნოსტიკას უტარებენ A და B გრიპოზულ ინფექციაზე და თუ ინფექცია არ დასტურდება, სამედიცინო დაწესებულებაში ამისამართებენ, სადაც რიგითი ანტივირუსული საშუალებები ენიშნებათ”.

ამასთან, სკორიკის ინფორმაციით, ამჟამად აფხაზეთში სეზონური ავადობის მაჩვენებელი მომატებულია.

რაც შეეხება კარანტინის ხანგრძლივ - 2-თვიან ვადას, რამაც ადგილობრივთა როტესტი გამოიწვია, მთავარი სანიტარული ექიმი მას ასე განმარტავს:

«ეს ვადა იმის გათვალისწინებით განისაზღვრა, რომ ჩვენთან რესპუბლიკაში ავადობის პიკი, როგორც წესი, თებერვალზე მოდის. კარანტინს 10 იანვარს ვაცხადებდით და თებერვალიც უნდა მოგვეცვა იმ შემთხვევისთვის, თუ ვირუსული ინფექციის პიკი გვექნებოდა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ვირუსული ინფექცია არ გართულდეს იმ “ღორის გრიპით”, რომელიც მოსაზღვრე ტერიტორიაზე რეგისტრირდება, რათა ჩვენს მედიკოსებს შეეძლოთ, გამიჯნონ: ეს უბრალოდ ჩვენი ვირუსული ინფექციაა, თუ საქართველოს ტერიტორიიდან შემოტანილი».

ცნობისთვის: ე.წ. “ღორის გრიპით” დაავადების შემთხვევები აფხაზეთში 2009 წლიდან არ დაფიქსირებულა. იმ წელს ოკუპირებულ რეგიონში 8 ლეტალური შემთხვევა აღირიცხა და რვავე – გალის რაიონში.