ახალი გამოწვევა მოსკოვისთვის: “აფხაზეთს რაღაც უნდა მოვუხერხოთ, მაგრამ რა – გაუგებარია”

2019-01-28 14:20:53
1797

საახალწლო დღეების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის ყველაზე რეზონანსულად იქცა თავდასხმა მეწარმე მიხეილ ევალენკოვზე ბიჭვინთაში, სადაც იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 

როგორც ზემოთთქმულთან დაკავშირებით წლების განმავლობაში აფხაზეთში მოღვაწე ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი აღნიშნავს, “უკვე დიდი ხნის განმავლობაში გასაგები იყო, რომ ადრე თუ გვიან, რესპუბლიკის [აფხაზეთის] სპეციფიური პრობლემები მის რეპუტაციას დაარტყამდა, თუმცა უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით

საიმიჯო პრობლემები შესაძლოა, რუსეთსაც შეექმნას”. 

მისი შეფასებით, “რუსეთის ფედერაციის საზღვრების გასწვრივ მის ოთხ ნაწილობრივ აღიარებულ ან არაღიარებულ მოკავშირეს შორის მხოლოდ სამხრეთ ოსეთშია ცხოვრება შედარებით ნორმალური. აფხაზეთი კი, რომელიც შიდა თავისუფლებითა და დემოკრატიულობით იმედებს იძლეოდა, უსაფრთხების პრობლემებითა და გაუთავებელი შიდა შუღლით ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დონემდე ჩამოგორდა”.

რუსებს აფხაზეთში პრობლემები დიდი ხანია, გააჩნიათ, პენსიონერებს და არა მარტო მათ უძრავ ქონებას 15-10 წლის წინაც ართმევდნენ და უკვე მაშინ ეს ისტორიები ზოგჯერ რუსული მედიის საინფორმაციო გამოშვებებში ხვდებოდა. თუმცა წმინდა სტატისტიკური თვალსაზრისით, მსგავსი სიუჟეტების რაოდენობა 1990-იანი წლებიდან გამოსული რუსული საზოგადოებისთვის არ აღემატებოდა “ბუნებრივობის” ზღვარს. მით უფრო, რომ აფხაზურ მასშტაბებში ნებისმიერი მსგავსი დანაშაული – ეს “საცალო საქონელია”. რუსეთში იმხანად ათასობით “შავი რიელტერი” დათარეშობდა და უსუსურ მოქალაქეებს ბინებს “აწერდა”. ამ ფონზე აფხაზეთში არსებული ვითარება განსაკუთრებულად არ გამოიყურებოდა. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ აფხაზეთი იმ დროში ჩარჩა, თუ არ ვიტყვით, რომ 1990-იანების დასაწყისის მდგომარეობამდე ჩაგორდა. რუსეთში კი, ასე თუ ისე, უკვე დიდი ხანია, მოხდა გარდატეხა და სადღეისოდ დანაშაულებრივი სამყარო – ეს მეტწილად ქსელური თაღლითები და კიბერ-დამნაშავეებია. […] სწორედ აქ არის რუსეთის მოქალაქეების აფხაზურ რეალობასთან შეჯახების საფუძველი. რაოდენობრივად რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები უწინდელს დიდად არ აღემატება. რუსულმა მედიამ დიდად არც ბელორუსი მეწარმის - კლემანტოვიჩის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ისტორია შეიმჩნია. მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია, რომ ბოლო წლების საინფორმაციო გამჭვირვალეობის პირობებში ყოველი ასეთი ინციდენტი რუსულ საზოგადოებას უჩვენებს ტერიტორიას, რომელიც 90-იანების ველური კანონებით ცხოვრობს და ამ ვითარებიდან გამოსვლას არ აპირებს” - წერს კრივენიუკი .

მისი შეფასებით, “აფხაზეთში რუსული დახმარების საინვესტიციო პროექტს ძველებური გაგებით ეკიდებიან”: 

“თავისებური პრობლემები აქვს რუსულ ბიზნესსაც, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში აფხაზურ ეკონომიკაში ფულს აბანდებს. რესპუბლიკაში ყოველთვის შეედინებოდა “ზედმეტი” ფული ნულოვანი წლების ფულით გაძეძგილი რუსული ეკონომიკიდან. ეს ყოველთვის სარისკო საქმეები იყო და თუ რამე, ლოკალური დანაკარგების მასშტაბი იშვიათად აჭარბებდა ახალი პროექტებიდან ზეშემოსავლებს. თუმცა დროება შეიცვალა. როცა წარმატებული დარგობრივი მოთამაშეების მაქსიმალური შემოსავლიანობა 10−15%-ს შეადგენს, კომპანიების ძირითადი ნაწილი კი რენტაბელურობის ზღვარზე ბალანსირებს და თუნდაც შორეულ პერსპექტივაში რაიმე განსაკუთრებული პროექტები არ ჩანს, ისე მარტივად არავინ არავის არაფერს აჩუქებს. აფხაზეთში კი დღემდე ძველებური ურთიერთობებია შენარჩუნებული: იდეალში, ინვესტორი – ეს კერძო მეწარმის ფიგურაა, რომლის სახსრები ლამის ადგილზე კანონიერ “უტილიზაციას” ექვემდებარება. დიდი ხანია, ჩამოყალიბდა ადამიანთა წრე, რომელთა კეთილდღეობა ბოლო ათზე მეტი წლის განმავლობაში სწორედ “მღვრიე” სქემებს ემყარებოდა კერძო რუსული ინვესტიციების მონაწილეობით. ახლა კი, როცა დროება შეცვლილია, რუსი პარტნიორების მცდელობები, რეიდერობაც კი სამეურნეო კონფლიქტებად განიხილონ, აფხაზი ოპონენტების მხრიდან დაუფარავ ბანდიტიზმს, ძალადობის მუქარას, რესპუბლიკიდან ფიზიკური გაძევებისა და შემდგომი არშეშვების მცდელობებს ეჯახება”.
როგორც კრივენიუკი აღნიშნავს, ეს ყველაფერი უკვალოდ არ ხდება:
“აფხაზეთში არ იცნობენ რუსეთის ლობისტური სტრუქტურების თანამედროვე პოლიტიკურ, დარგობრივ და მედია-პრესინგს. რესპუბლიკა ამ თვალსაზრისით ძალზე მოწყვლადია და  თუ დაზარალებულთა “კონსორციუმი” ლობისტური აქტივობის ზრდას გააგრძელებს, ეკონომიკისთვის შედეგები შესაძლოა, ძალზე სერიოზული აღმოჩნდეს. ამჟამად საინვესტიციო პროექტი — ეს კორპორატიული ისტორიაა  იმ ინსტიტუციების თანამშრომლობისა, რომლებიც დაფინანსებას უზრუნველყოფენ და პროექტების პრაქტიკული რეალიზებით არიან დაკავებულები. აფხაზეთში კი საინვესტიციო პროექტი ძველებურად ესმით — როგორც პირადი ურთიერთობების, მეგობრობის, რამდენიმე გავლენიანი პირის ერთობლივი სუფრის განსახიერება. ერთი ფულს იძლევა, დანარჩენები “კრიშავენ”. აფხაზური ბიზნესი “ჩრდილში” მუშაობას მოითხოვს, რუსული ბიზნესი კი, მთლიანობაში, პირად ურთიერთობებს საქმიდან აგდებს. ამ დონეზეც მომხდარა არაერთი შეტაკება”.
მისივე შეფასებით, “რუსეთის მოქალაქეების დევნა – ეს აფხაზეთში საერთო ქაოსისა და რეგრესის შედეგია და სიტუაცია ობიექტურად რთულია”. 
“ამჟამად მეწარმეები, ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკის თემაზე საკუთარ აზრს გამოთქვამენ, მოსკოვისგან დინამიური და მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვენ. ოფიციალური ინსტანციების მოუქნელობას კი რუსული კულტურისთვის დამახასიათებელ «ჩვენ ადამიანები არ გვეცოდება”-დ აღიქვამენ. თუმცა რეალურად, საქმე ბევრად უფრო რთულადაა. აქ ვეჯახებით პოლიტიკისა და დიპლომატიისთვის ჩვეულ ეთნოკულტურულ ნიადაგზე შევიწროების ისტორიას. აქ რუსეთის მოქალაქეების დევნა ქვეყანაში საერთო ქაოსისა და რეგრესის შედეგია. ხელისუფლება ვითარებას არ აკონტროლებს, სამართალდამცველები ცდილობენ, იმდენად ეფექტურად იმუშავონ – რამდენადაც შესაძლებელია რესურსების კატასტროფული უკმარისობის პირობებში. მათთვის ხანდახან შესაძლოა, ხელმისაწვდომი იყოს ჩვეულებრივი ბანდიტების დევნა, მაგრამ ვერ იძიებენ რეიდერულ სიუჟეტებს. სამართალდამცავი სისტემის შესაძლებლობების ზედა ზღვარი ძალზე დაბალია” - აღნიშნავს კრივენიუკი და დასძენს, რომ “ეს ახალი გამოწვევაა, რადგან მსოფლიოში ცოტას თუ აქვს გამოცდილება იმისა, როგორ უნდა მოახდინო მეზობელ ქვეყანაში რეგრესის შედეგების მოდელირება”.
“ყველამ ვიცით, რომ სომალი შორსაა, მსოფლიოს ამ კუთხეში მსგავსი გამოცდილება ჯერ არ გააჩნიათ. მაგრამ აი, საიმიჯო პრობლემები კი მოსკოვს ნამდვილად მიუახლვდა. ერთია — ომიდან გამოსული (მართალია, უკვე საკმარისი დრო გავიდა), ამდენად ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში მყოფი დონბასის რესპუბლიკები, მეორე – ქვეყანა [აფხაზეთი], რომელიც უკვე 25 წელია, დამოუკიდებელია და მათგან ათი წლის განმავლობაში მისი დამოუკიდებლობა რუსეთის მიერაა აღიარებული. ეს მართლაც ახალი გამოწვევაა მოსკოვისთვის. რაღაც რომ უნდა გაკეთდეს, ცხადია, მაგრამ რა – გაუგებარია: ნორმალიზებისთვის შიდა რესურსი აფხაზეთში არ არსებობს - ეს უეჭველია. ამისათვის საჭიროა მძლავრი ხელისუფლება, რეპრესიები, მმართველბითი ინტელექტი და დიდი რაოდენობით ფული. რუსეთს კი არ აქვს და არც არასდროს ჰქონია მოქმედი მექანიზმები მეზობელი ქვეყნებისთვის სახელმწიფოებრიობის კრიზისების დაძლევაში დახმარების გასაწევად. ჯერ-ჯერობით ეს ერთგვარი გეოპოლიტიკური ჩიხია” - ასკვნის კრივენიუკი.