მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ რჩევებს, რომლებსაც მათ ამერიკელი თუ ევროპელი კოლეგები აძლევენ - აშშ–ის ელჩი ცილისწამების კანონზე

2019-01-27 19:37:30
128

''მედიაპლურალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ რჩევებს, რომლებსაც მათ ამერიკელი თუ ევროპელი კოლეგები აძლევენ'' - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "კვირის მთავარ"–ში სტუმრობისას ისაუბრა. როს უილსონის თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში,  როცა ქვეყანა, ხშირად არის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის სამიზნე.

''ეს დეზინფორმაცია საქართველოს მედიასაშუალებებიდან კი არ მოდის, არამედ, გარეშე ძალების მხრიდან, და მე ვფიქრობ, კონკრეტულად რუსეთიდან. რუსეთი ცდილობს შეარყიოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციები, ზიანი მიაყენოს მთლიანად ქვეყანას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას. ამ მხრივ, საქართველოში დღეს არსებული ვითარება, ნამდვილად დასაფასებელია. იგი ძირეულად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც 30 წლის წინათ იყო. განსხვავდება იმ ვითარებისგან, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში დღესაც არსებობს. ეს საქართველოს მთავარი ღირებულებაა და იმედი გვაქვს, რომ როცა პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს, ამას აუცილებლად გაითვალისწინებს'' - განაცხადა ინტერვიუს დროს აშშ-ს ელჩმა. 

როს უილსონმა  „ცილისწამების კონტროლის“ ინიციატივაზე კომენტირებისას, აღნიშნა, რომ ამერიკის კანონმდებლობით  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე პირების შეურაცხყოფისათვის მოქალაქეებს პასუხისგებაში არ აძლევენ. 

​''საკმარისად კარგად არ ვიცი, რას გულისხმობს  საქართველოს კანონმდებლობის კონკრეტული  ნაწილები,  მაგრამ გაგიზიარებთ ჩვენს  გამოცდილებას, ასევე ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც ჩემი აზრით, საინტერესო იქნება საქართველოსთვის. ამერიკის გამოცდილება მედიის თავისუფლების შესახებ, განსხვავდება ევროპულისგან. ჩვენი კანონების მიხედვით, თითქმის  შეუძლებელია ვინმეს პასუხისმგებლობაში მიცემა, საჯარო პირებისა თუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე პირების შეურაცხყოფისა თუ ცილისწამების გამო. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სიტყვის  თავისუფლებას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კონტექსტში. ევროპული გამოცდილება კი ცოტა განსხვავებულია. ევროპელები ნაკლებ მნიშვნელობას არ ანიჭებენ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ცილისწამებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო სივრცე მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკაში დამკვიდრებული პრაქტიკისგან.  ამდენად, ჩვენ და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ვინც საქართველოში  ვიმყოფებით და ვცდილობთ საქართველოს დავეხმაროთ,  შესაძლოა, განსხვავებული რეკომენდაციები გვქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით'' - განაცხადა გადაცემაში ''კვირის მთავარი'' აშშ-ს ელჩმა. 

–––––––––––––––– 

ცილისწამების კანონის გამკაცრებაზე უკვე მეორედ ალაპარაკდა 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი. 

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოში ცილისწამების შესახებ კანონის მიღება.

“მედიას აქვს თავისი წესები და აქ უფრო დაცულია ადამიანი. როცა ჩვენ საქმე გვაქვს სოციალურ ქსელთან, რომელიც ზოგჯერ არის ანონიმური, ზოგჯერ არის სხვა ქვეყნის მიერ მართული და ძალიან ბევრი პროცესები მიმდინარეობს,  მე მგონი, საჭიროა, რომ ამ კუთხით ვიფიქროთ. მე არ ვიცი, რა კანონი უნდა მივიღოთ. არც სხვა ქვეყნის გამოცდილების გადმოღების მომხრე ვარ. საფრანგეთი იმიტომ ვახსენე, რომ ახლახან მიიღეს ამ ტიპის კანონმდებლობა”, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე თავის საახალწლო მიმართვაშიც ისაუბრა. ეს საკითხი ახსენა პატრიარქმა ილია მეორემ 2019 წლის საშობაო ეპისტოლეშიც,ხოლო პარლამენტის თავმდომარე ირაკლი კობახიძემ პატრიარქს მადლობა გადაუხადა ამ საკითხის ეპისტოლეში ხსენებისთვის.

საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში თავად მომჩივანზეა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხედ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუშლის ხელს.

რას გულისხმობს პრეზიდენტის მიერ ნახსენები საფრანგეთის კანონი ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ

"მედიაჩეკერის" მიერ მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ საფრანგეთმა მართლაც მიიღო ახალი კანონი ოღონდ არა ცილისწამების, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ, რომელმაც დიდი დებატები გამოიწვია ქვეყნის შიგნითაც.

ამ კანონის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში მოსამართლეებს მიეცათ უფლება, რომ პლატფორმებს ყალბი ინფორმაციის მოხსნა დაავალონ. თუმცა, იმისათვის რომ ინფორმაცია ყალბად იქნეს მიჩნეული და სასამართლოში განხილვის საგანი გახდეს, იგი სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ცხადი უნდა იყოს ყალბი ამბავი;
  • განზრახ ვრცელდებოდეს დიდი მასშტაბით;
  • გამოიწვიოს მშვიდობის დარღვევა და გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. 

ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად კიდევ ერთი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის მაუწყებლობის მარეგულირებელს უფლება აქვს შეაჩეროს ან შეწყვიტოს უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მაუწყებლობა, რომელიც “ლახავს ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს”.

ამავე კანონით, ციფრულ პალტფორმებს დაეკისრათ მეტი გამჭვირვლობა. წინასაარჩევნო პერიოდში მასალების რეკლამირების შემთხვევაში მათ დაევალათ გასაჯაროვება რეკლამის დამკვეთის და გადახდილი თანხის.

კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სანქცია ერთწლიანი პატიმრობა ან ჯარიმა 75 ათასი ევროს სახით.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამ ინიციატივის გამო მკვეთრად გააკრიტიკეს. ოპონენტები ცენზურასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე მიუთითებდნენ, თუმცა კანონი საბოლოოდ 2018 წლის ნოემბერში მიიღეს.